ნიკოლოზ ნინოშვილი, ლევან ჩაჩანიძე და მაია კანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/724 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 18 ივლისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ივლისი 2024 18:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ ნინოშვილი, ლევან ჩაჩანიძე და მაია კანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით:
ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის (0.000761 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (3.5177 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 107-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0.3452 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
ა.დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის;
ა.ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და ამავე დანართის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის;
ა.ვ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია), 73-ე (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია), 76-ე და 107-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობა;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-20 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის (0.000761 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (3.5177 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 107-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0.3452 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
ბ.დ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია), 73-ე (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია), 76-ე და 107-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობა.
გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით:
გ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფენეთილამინის (Phenethylamin) ნაერთთა კლას მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 25C-NBOMe-ს პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის;
გ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის (0.000761 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
გ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (3.5177 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
გ.დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 107-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0.3452 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის;
გ.ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის;
გ.ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და ამავე დანართის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის;
გ.ზ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია), 73-ე (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია), 76-ე და 107-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობა;
დ) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - ალექსი შოშიკელაშვილი და გიორგი ჟღენტი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ნიკოლოზ მეტრეველი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №724) მომართეს ნიკოლოზ ნინოშვილმა, ლევან ჩაჩანიძემ და მაია კანაშვილმა. №724 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის პირველ მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 3 ივლისს.
2. №724 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში „სსკ“) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები: ა) ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
4. სსკ-ის 273-ე მუხლის სარჩელის შემოტანის დროისთვის მოქმედი რედაქცია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის ითვალისწინებდა შემდეგ სანქციებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში „სასკ“) 45-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, ჯარიმის სახით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის. აღნიშნული პასუხისმგებლობა სარჩელის შემოტანის დროისთვის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული იყო ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვისაც.
6. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის (შემდგომში დანართი №2) მე-12, 73-ე, 76-ე და 107-ე ჰორიზონტალური გრაფებში განსაზღვრულია შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები და აღნიშნულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები: ამფეტამინი, მცენარე კანაფი, კანაფის ფისი და მესკალინი.
7. №724 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, მე-16 მუხლი კი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტით აღიარებული იყო შრომის თავისუფლება. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი კი განამტკიცებდა ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციის კონსტიტუციურ პრინციპს.
8. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მოქმედი კონსტიტუციით, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. თავისუფალი განვითარების უფლებას განამტკიცებს მე-12 მუხლი, ხოლო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მე-15 მუხლის პირველი პუნქტი. მოქმედი კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, გარანტირებულია უდანაშაულობის პრეზუმციის კონსტიტუციური პრინციპი.
9. №724 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (76,09 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვისა და მოყვანისთვის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული სადავო საკითხი უკვე გადაწყდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით და მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ოდენობით კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვისა და მოყვანისთვის აღარ არის გათვალისწინებული, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა.
10. კონსტიტუციურ სარჩელიდან და თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის №1/5020-15 განაჩენით, ნიკოლოზ ნინოშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 9 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და მე-6 ნაწილის (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის (0,000761 გრამი) დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0,3452 გრამი) განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც ერთი წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). იმავდროულად, აღნიშნული განაჩენის საფუძველზე, ნიკოლოზ ნინოშვილს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა აღნიშნული კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ ნინოშვილს ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის სასკ-ის 45-ე მუხლის (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. პირის ბრალდების შესახებ 2015 წლის 14 მარტის №0006217132 დადგენილებით ირკვევა, რომ ლევან ჩაჩანიძე ბრალდებულად იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2018 წლის 19 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, მას აღმოაჩნდა 51 ცალი ბურთულა (2,2846 გრამი), რომელიც შეიცავდა ნივთიერება 25C-NBOMe-ს, რაც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ფენეთილამინის (Phenethylamin) ნაერთთა კლას და დიდი ოდენობით (3,5177 გრამი) ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი. აგრეთვე იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხება ზემოაღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებს მითითებული ოდენობებით.
11. მოსარჩელეების არგუმენტაციით, მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ნარკოტიკული საშუალებები არის მეტად მცირე რაოდენობის, შესაბამისად, ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა არ უნდა ექცეოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში. მოსარჩელის მხარის განმარტებით, 3.5177 გრამი კანაფის ფისი და 0.3452 გრამი მესკალინი წარმოადგენს მოხმარებისთვის ერთჯერად დოზას, ხოლო 0.0007 გრამი ამფეტამინი მისი მიკროსკოპული ოდენობიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია, საერთოდ ვარგისი იყოს გამოსაყენებლად. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობები, მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირადი მოხმარების მიზნებისთვის არის გათვლილი და არ არსებობს მათი გასაღებისა და, ამ მხრივ, მესამე პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკი. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობის კრიმინალიზებით, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე და ამ ქმედებისთვის სასჯელის უმკაცრესი ზომის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, სახელმწიფო არღვევს პრინციპს, რომ ქმედების ინკრიმინირება თანმდევი სასჯელით გამოიყენოს როგორც ultima ratio.
12. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის (მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების) დასჯის მიზანი არ არის პირის ინდივიდუალური არჩევანის შეზღუდვა, მოიხმაროს ან არ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება ან კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქედან გამომდინარე, მხოლოდ პირადი მოხმარება ან პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების ფლობა არ წარმოადგენს იმ ინტენსივობისა და საშიშროების ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლისსამართლებრივი რეჟიმი. ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ მის ჩამდენ პირს უქმნის საფრთხეს, თავისუფლების აღკვეთა, ცალსახად, არაკონსტიტუციურია, რადგან ამგვარი სასჯელი იმდენად შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან, რომ ერთმნიშვნელოვნად უტოლდება პატივისა და ღირსების შემლახავ სასჯელს.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სასჯელი გამოიყენება სხვა პირებზე ზეგავლენის, მათი დაშინების მიზნით, რა დროსაც ხდება კონკრეტული ადამიანების, მათი თავისუფლების, პატივისა და ღირსების შელახვა არა მხოლოდ იმით, რომ მათ სახელმწიფო ანიჭებს კრიმინალის, საზოგადოებრივად საშიში პირის სტატუსს, არამედ იმითაც, რომ ამ ადამიანების მიმართ გამოიყენება სასჯელის უმკაცრესი ზომა, თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის რეპრესიულობაზე და ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ რიგი ნარკოტიკული საშუალებები (მოსარჩელის შემთხვევაში მესკალინი და ამფეტამინი) საერთოდ არ ითვალისწინებს მცირე ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობას და მათი უმცირესი ოდენობაც კი მიიჩნევა დიდ ოდენობად, რასაც თან სდევს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი სანქცია. იმავდროულად, ნარკოტიკული საშუალება მესკალინის შემთხვევაში, მისი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ერთმანეთის ტოლია, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით, ვინაიდან კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც ადეკვატური და შესაფერისია ჩადენილი ქმედების სოციალურ/კრიმინოგენულ საშიშროებასთან. ამგვარი მიდგომა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან წინააღმდეგობაზე.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
15. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 (2021 წლის 9 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 107-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების ამფეტამინისა და მესკალინისთვის კანონმდებელმა არ განსაზღვრა მცირე ოდენობები, ხოლო ნარკოტიკული საშუალება მესკალინის შემთხვევაში, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა ერთმანეთის ტოლია, სახელმწიფო ბრალმდებელს დანაშაულის კვალიფიკაციისას, ხოლო მოსამართლეს განაჩენის გამოტანისას არ აქვთ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განსაზღვრონ დანაშაულის კვალიფიკაცია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების შეფასების საფუძველზე, განსხვავებით იმ ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში, რომელთაც გააჩნიათ ნათლად გაწერილი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
16. ამდენად, მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან იწვევს არათანასწორ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. მოსარჩელის აზრით, კანონმდებელმა უნდა შექმნას მინიმალური გარანტიები იმისთვის, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, არსებითად თანასწორ პირებს, სხვადასხვა ოდენობების შეძენა-შენახვის გამო, სხვადასხვანაირი სანქცია დაუწესოს. არსებითად თანასწორობის ფაქტის სამტკიცებლად, მოსარჩელე მიუთითებს იდენტური ბუნებისა და მიზნების მქონე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმების თანასწორობის უფლებასთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, აგრეთვე იმ არგუმენტაციას ეყრდნობა, რომ კანონით, პირდაპირ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისგან განსხვავებით, არ დგება იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც შესაძლოა, მოიხმარდნენ იმ ფსიქოაქტიურ საშუალებებს, რომელთა მოხმარებაც ჯერ არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.
17. №724 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმებით გათვალისწინებულია ზედმეტად მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქციები, რის გამოც, ხდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებისა და პირადი ცხოვრების არათანაზომიერი შეზღუდვა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირის არჩევანი, მოიხმაროს ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება დაცულია პირადი ცხოვრების უფლებით იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ქმედება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირებს. ამდენად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პიროვნების დასჯა მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისათვის წარმოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან, ამ ინდივიდის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და მის კონსტიტუციურ უფლებებში უხეშ ჩარევას.
18. მოსარჩელე მხარეს ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა გაუმართლებლად მიაჩნია. იგი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩამოერთვას, როდესაც დადასტურდება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული უფლება იმ პირებსაც უნდა ჩამოერთვათ, რომლებიც სახლში ინახავენ ალკოჰოლურ საშუალებებს, ვინაიდან ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში, პირი იდენტური საფრთხის მატარებელია. კანონმდებლის განსხვავებული მიდგომა კი, მოსარჩელე მხარის განმარტებით, იწვევს ნარკომომხმარებლების სოციალური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციას სხვა პირებთან მიმართებით, რომლებიც არ მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას (მაგ., იმყოფებიან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში). მოსარჩელის განმარტებით, ნარკომომხმარებელთა სოციალური ჯგუფისათვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევა ემსახურება დანაშაულის პრევენციას, რომელიც ამ პირებმა შესაძლებელია, მომავალში ჩაიდინონ, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას. მოსარჩელე მხარისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამა თუ იმ ნივთიერების შენახვას ავტომობილის მართვასთან. შედეგად, არსებითად სხვა დანაშაულის ჩადენისათვის გასამართლებულ პირს ჩამოერთმევა კონსტიტუციურად გარანტირებული ისეთი უფლებები, რომლებიც არ არის შემხებლობაში ჩადენილი დანაშაულის ბუნებასთან. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, არღვევს პირის უდანაშაულობის პრეზუმციას და შრომის უფლებას.
19. №1724 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება უშუალოდ მოსარჩელე მხარის (ნიკოლოზ ნინოშვლისა და ლევან ჩაჩანიძის) მიმართ. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივ დროს გაატარებენ, რომლის კომპენსირებაც ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობით.
20. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლი განამტკიცებდა საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ხსენებული უფლება დაცულია მე-12 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაუშვებელი იყო ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება დაუშვებელია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაცულია მე-15 მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო შრომის თავისუფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა უდანაშაულობის პრეზუმციას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უდანაშაულობის პრეზუმცია გარანტირებულია 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. სადავო ნორმების ძალადაკარგულობა
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №724 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი სსკ-ის 273-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. მოსარჩელე მხარე აგრეთვე სადავოდ ხდის სასკ-ის 45-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის. სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის მომენტისთვის სსკ-ის 273-ე მუხლი ადგენდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ხოლო სასკ-ის 45-ე მუხლი ითვალისწინებდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმას ამავე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის.
6. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 29 სექტემბრის №13/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსკ-ის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. სასამართლომ, აგრეთვე, არაკონსტიტუციურად მიიჩნია, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანის განმეორებით (ან არაერთგზის) მოხმარებისათვის (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №13/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინება). საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/ 732გადაწყვეტილებით, აგრეთვე არაკონსტიტუციურად ცნოსსკ-ის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასკ-ის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენდა პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. მაშასადამე, შეზღუდვას, რომელსაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, საფუძველი გამოეცალა სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ შეზღუდვის არაკონსტიტუციურად ცნობით. ამასთან, სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ-ის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის და სასკ-ის 45-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
7. №724 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, რიგ სადავო ნორმებში განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2021 წლის პირველი დეკემბრის №1037-VIმს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და სასკ-ის 45-ე მუხლი („საქართველოს ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის №1222-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი). აგრეთვე, „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 4 აპრილის №2118-IIს საქართველოს კანონით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 25C-NBOMe 2018 წლის 19 მაისიდან განისაზღვრა როგორც ნარკოტიკული საშუალება და განთავსდა დანართი №2-ის 216-ე ჰორიზონტალურ გრაფაში. ამდენად, 2018 წლის 19 მაისიდან სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი აღარ ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფენეთილამინის (Phenethylamin) ნაერთთა კლას მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 25C-NBOMe-ს პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის. აგრეთვე, „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ საქართველოს კანონით ახლებურად განისაზღვრა დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის მცირე (0,005 გრამი), დიდი (0,1 გრამი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობები (1 გრამი). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ამფეტამინის ოდენობა (0.000761 გრამამდე) 2021 წლის 9 მარტიდან აღარ ექცევა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დასჯად ქმედებაში. აგრეთვე, „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 26 ივლისის №1219-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 28 ივლისიდან შეიცვალა ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფისმცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ზემოაღნიშნული სადავო ნორმები ძალადაკარგულია.ამასთან, სადავონორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში №724 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა ამავე სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის „არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). იმავდროულად, მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმისწარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებშია რელევანტური, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
9. ამდენად, სადავო ნორმების ცვლილების შემთხვევაში, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება წარმოიშობა მაშინ, როდესაც, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც, სადავო ნორმის იდენტურად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი და, იმავდროულად, არ არსებობს საქმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც გულისხმობს იმას, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ დასაბუთებულობის სტანდარტს. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარეს, ერთი მხრივ, მოეთხოვება იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც წარმოაჩენს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ძირითადი უფლების სწორად იდენტიფიცირება, რომლის რეალურ შეზღუდვასაც იწვევს სადავო ნორმა. ამ კუთხით, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის ზუსტად წარმოჩენას და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის დაყენებას კონსტიტუციის რელევანტურ მუხლთან, რათა უფლების შესაძლო შეზღუდვის შეფასება განხორციელდეს სწორი, კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტით. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ შეზღუდვის ფაქტზე მითითება, არამედ მოსარჩელემ, ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების მიღმა, უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ სადავო გადაწყვეტა მიზნის მიღწევის არაპროპორციული და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური საშუალებაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-14).
10. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი აღარ ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფენეთილამინის (Phenethylamin) ნაერთთა კლას მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 25C-NBOMe-ს პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის, რასაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით, თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება ზემოაღნიშნული ნივთიერების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის. დღეს არსებული რედაქციის ფარგლებში, დანართი №2-ის 216-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება 25C-NBOMe-ს არ გააჩნია მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამდენად, მისი ნებისმიერი ოდენობით შეძენა-შენახვა მოექცევა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით დასჯად ქმედებაში, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის უფრო მძიმე ფორმა (თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა), ამდენად, მართალია, მოსარჩელის პრობლემა/უფლების შეზღუდვა კვლავ არსებობს, თუმცა, იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სადავო ნორმატიული შინაარსის) არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს.
11. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აშკარად არაპროპორციული სასჯელის იდენტიფიცირებისთვის აფასებს აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართებას. კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერებიდან მომდინარე საფრთხის იდენტიფიცირებისათვის უმთავრესია, განისაზღვროს, თუ რამდენი მოხმარებისთვის არის იგი საკმარისი მისი ქიმიური შემადგენლობიდან და მასში არსებული აქტიური ნივთიერებების სპეციფიკაციებიდან გამომდინარე. ნარკოტიკული საშუალებების იმ ოდენობებზე, რომელიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და, რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელების და, ამ გზით, სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს, გამართლებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71-72). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ისეთი ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხელშესახებია აგრესიული ქმედებების ჩადენის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების დასჯის მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57). შესაბამისად, ამგვარი ნივთიერებების მოხმარებისათვის ან/და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (მოხმარების ერთი ოდენობა) შეძენა/შენახვისას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
12. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სასჯელის არაპროპორციულობის სამტკიცებლად, პირმა უნდა მოიყვანოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ კონკრეტული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება a priori ვერ ჩაითვლება იმ ოდენობად, რომელიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და, რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელების და, ამ გზით, სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს და, ამავდროულად, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია ნივთიერება 25C-NBOMe-ს შეძენა/შენახვისათვის გათვალისწინებული სასჯელის არაპროპორციულობის მტკიცების არგუმენტები. იგი საერთოდ არ განმარტავს, თუ რა ოდენობის შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული ნივთიერების ავტომატურად გავრცელების ალბათობა, არ ასაბუთებს, რომ პირი მისი ზემოქმედების ქვეშ არ ხდება აგრესიული და, შესაბამისად, ამ მხრივ, არ არსებობს ანტისაზოგადოებრივი ქმედების განხორციელების საფრთხე. ამდენად, მოსარჩელეს არ მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები, რაც წარმოაჩენდა ნივთიერება 25C-NBOMe-ს შეძენა/შენახვისათვის გათვალისწინებული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთის) არაპროპორციულობას. შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი სადავო ნორმატიული შინაარსის) არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია, რაც, მოცემულ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იწვევს საქმის შეწყვეტას.
13. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, მოსარჩელის პრობლემა იდენტური დარჩა. როგორც სარჩელის შემოტანის მომენტისთვის, ისე დღეს მოქმედი რედაქციით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0.3452 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის. ამდენად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც, სადავო ნორმის იდენტურად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო, ამ შემთხვევაშიც, მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის მოთხოვნას.
14. მოსარჩელე მხარე ზემოაღნიშნული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად განმარტავს, რომ არ არსებობს 0.3452 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მესკალინის გავრცელების საფრთხე, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთი მოხმარების დოზას. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, აგრეთვე, არ იწვევს სწრაფ შეჩვევას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის დაწესება არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარე, მართალია, შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ 0,3452 გრამამდე მესკალინი წარმოადგენს ერთჯერადი მოხმარების დოზას, თუმცა არ მოჰყავს არგუმენტაცია აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მისი მოხმარების შემთხვევაში, პირი არ ხდება აგრესიული და არ არსებობს მისგან ანტისაზოგადოებრივი ქმედების განხორციელების საფრთხე. როგორც უკვე აღინიშნა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ არ არსებობს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების (მისი ოდენობიდან გამომდინარე) გარდაუვლად გავრცელების რისკი, იგი თავისუფლების აღკვეთის დაწესებას მაინც გამართლებულად მიიჩნევს მაშინ, თუ მისი ზემოქმედების ქვეშ პირი ხდება აგრესიული და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ამდენად, მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0,3452 გრამამდე) შეძენა/შენახვისათვის გათვალისწინებული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა) არაპროპორციულია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტის (სადავო ნორმატიული შინაარსის) არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და, ამ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
15. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი აღარ ითვალისწინებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით, თავისუფლების აღკვეთას 0.000761 გრამამდე ამფეტამინის შეძენა/შენახვისათვის, რასაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ოდენობის ამფეტამინი წარმოადგენს მიკროსკოპულ ოდენობას და შესაძლებელია, საერთოდ, მივიჩნიოთ მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობად. იგი იმდენად მცირე ოდენობისაა, რომ არ არსებობს მისი გასაღების რისკები და, შესაბამისად, არაპროპორციულია, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
16. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილების შესაბამისად, ამფეტამინის სადავო ოდენობა (0.000761 გრამამდე) განისაზღვრა როგორც მცირე ოდენობა. აღნიშნული ოდენობით ამფეტამინის შეძენა/შენახვა, შესაბამისი პირობების არსებობისას, მოექცევა სსკ-ის 273-ე მუხლით აკრძალულ ქმედებაში, რომელიც სავალდებულო წესით არ ითვალისწინებს, სასჯელის სახედ, თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. შესაძლებელია, პირს შეეფარდოს ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამდენად, ერთი მხრივ, არ არსებობს, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მოსარჩელე მხარის უფლების იდენტურად შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია 0.000761 გრამამდე ამფეტამინის გამოუსადეგარი ოდენობის დადასტურების შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტაცია. ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
17. სასკ-ის 45-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოსარჩელის პრობლემა იდენტური დარჩა. როგორც სარჩელის შემოტანის მომენტისთვის, ისე დღეს მოქმედი რედაქციით, ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას, სადავო ნორმატიული შინაარსით, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, თუმცა არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია არგუმენტი შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის სახით, ჯარიმის დაკისრება ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის მოხმარებისთვის, რატომ არის არაპროპორციული მისი სიმძიმის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი დაუსაბუთებელია და სარჩელის შემოტანის მომენტისთვის არსებობდა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქმისწარმოების შეწყვეტას.
18. მოსარჩელე მხარე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი სადავო ნორმატიული შინაარსით), მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედ სადავო ნორმატიული შინაარსით) და 45-ე მუხლს (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი სადავო ნორმატიული შინაარსით), აგრეთვე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან იწვევს არათანასწორ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. მოსარჩელე მხარე, არსებითად თანასწორობის ფაქტის სამტკიცებლად, მიუთითებს იდენტური ბუნებისა და მიზნების მქონე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის ამგვარი დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. „თანასწორობის უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად აუცილებელია, მოსარჩელემ მიუთითოს, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებულ მოპყრობას და მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსის არის და თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, არ გამოყოფს რომელიმე პირს ან პირთა ჯგუფს. კერძოდ, სადავო ნორმები მოიცავს სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, რომელთა ჩადენაც თანაბრად აკრძალული და დასჯადია ყველა პირისთვის. ნორმები რომელიმე პირთა ჯგუფს არ უდგენს უკეთეს უფლებრივ მდგომარეობას და ამით არ ახდენს მოსარჩელეთა დიფერენცირებულ მოპყრობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის №1/13/733 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და სარჩელის შემოტანის მომენტისთვის არსებობდა მათი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოთხოვნის ამ ნაწილში, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
20. მოსარჩელე მხარე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი სადავო ნორმატიული შინაარსით) და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი სადავო ნორმატიული შინაარსით) აგრეთვე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ამ მხრივ, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ზედმეტად მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქციები.
21. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელეთა პრობლემას სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის ზომა და მისი არაპროპორციული ხასიათი წარმოადგენს. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული არგუმენტაცია კი მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულია „სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება კრძალავს სასტიკი, არაპროპორციული სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით არის განმტკიცებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთება სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში შეეხება ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და არ მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლსა და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს.
22. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი მეტისმეტად მკაცრია და ამის გამო გაუმართლებლად ლახავს მისი თავისუფალი განვითარების უფლებას, ის აგრეთვე მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობა - ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულ უფლებაში. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის შინაარსისა და ფარგლების არასწორ აღქმას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, სახელმწიფოს მხრიდან, არასათანადო ზემოქმედებისაგან. აღნიშნული კონსტიტუციური უფლება არ ადგენს სტანდარტებს, თუ როგორ უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელი ქმედება უნდა ისჯებოდეს სისხლისსამართლებრივად და რომელი სხვა, თუნდაც ადმინისტრაციული კანონმდებლობით.
23. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება არა ქმედების აკრძალვის კონსტიტუციურობას ზოგადად, არამედ მისი ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას. ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯის საგანი ვერ იქნება იმის დადგენა, კონსტიტუციურია თუ არა საკითხის მოწესრიგება კონკრეტული საკანონმდებლო აქტით - სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მისი პიროვნების თავისუფალ განვითარებას ზღუდავს უშუალოდ სადავო ნორმის შინაარსი. პირმა უნდა დაასაბუთოს მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ან სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი სხვაგვარი პასუხი, რატომ წარმოადგენს მისი თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას და არა ის, თუ რატომ არის ესა თუ ის სამართალდარღვევა სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქცეული. ის, თუ რომელი აქტით დაისჯება ან რომელი აქტით დაეკისრება სანქცია პირს, არ წარმოადგენს უფლების დაცული სფეროს ნაწილს. შესაბამისად, მხოლოდ საკითხის სისხლის სამართლის კოდექსით მოწესრიგებაზე მითითება არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №724 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
24. მოსარჩელე მხარე, სადავოდ ხდის დანართი №2-ის მე-12 (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) და 73-ე (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ლახავს პირის თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს და, აგრეთვე, აწესებს არაპროპორციულ სასჯელს, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმებისა და კონსტიტუციის მოცემული დებულებების შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს გასაჩივრებული ჰორიზონტალური გრაფებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. სადავოდ გამხდარი დანართი №2-ის შესაბამისი ჰორიზონტალური გრაფებით განსაზღვრულია კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების დასახელებები და მათი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აღნიშნული სადავო ნორმები განსაზღვრავს მხოლოდ ოდენობებს და დამოუკიდებლად არ ადგენს არც აკრძალვას და არც რაიმე სახის სასჯელს, რომელსაც შემდგომ შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა პირის თანასწორობის, თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებებზე. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში გასაჩივრებულ ნორმებსა და შესაბამის კონსტიტუციის დებულებებს შორის შინაარსობრივი მიმართება დასაბუთებული არ არის და, შესაბამისად, იგი არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
3. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
26. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
27. მოსარჩელე მხარე, სადავოდ ხდის დანართი №2-ის 76-ე და 107-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ლახავს პირის თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს და, აგრეთვე, აწესებს არაპროპორციულ სასჯელს, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
28. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმისა და კონსტიტუციის მოცემული დებულებების შინაარსის არასწორ აღქმას (იხ., წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 25-ე პუნქტი). დანართი №2-ის ზემოაღნიშნული ჰორიზონტალური გრაფები განსაზღვრავს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების მხოლოდ ოდენობებს და დამოუკიდებლად არ ადგენს არც აკრძალვას და არც რაიმე სახის სასჯელს, რომელსაც შემდგომ შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა პირის თანასწორობის, თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებებზე. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში გასაჩივრებულ ნორმებსა და შესაბამის კონსტიტუციის დებულებებს შორის შინაარსობრივი მიმართება დასაბუთებული არ არის და, შესაბამისად, იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
29. მოსარჩელე მხარე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიულ შინაარს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 3,5177 გრამი კანაფის ფისი არ წარმოადგენს იმ ოდენობას, რომლის მიმართაც არსებობს გავრცელების ალბათობა. ამდენად, იგი გათვლილია პირადი მოხმარების მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შეძენა/შენახვისათვის, მოსარჩელე მხარეს, თავისუფლების აღკვეთა მიაჩნია არაპროპორციულ სასჯელად. იმავდროულად, მისი განმარტებით, ზედმეტად მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქცია იწვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლების არათანაზომიერ შეზღუდვას.
30. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387გადაწყვეტილებაში შეფასებული აქვს კანაფის ფისის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციურობა. საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა სპეციალისტებმა, სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი, დაახლოებით, წარმოადგენს, საშუალოდ – ერთი მოხმარების, ხოლო მაქსიმუმ – 4 მოხმარების დოზას. საკონსტიტუციო სასამართლომ, კანაფის ფისის ის ოდენობა, რომელიც გამოსადეგია მხოლოდ 4-ჯერადი მოხმარებისთვის, მიიჩნია, რომ არ მიუთითებს მისი გავრცელების გარდაუვალობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის №3/3/1387გადაწყვეტილება საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო“, II-23, 24).შესაბამისად, სასამართლომ ზემოაღნიშნული ოდენობით კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
31. ბუნებრივია, რაც უფრო მეტია ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, მით უფრო მეტია მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს 3,5177 გრამი კანაფის ფისი, რაც, დაახლოებით, 26-ჯერ მეტია საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შეფასებულ ოდენობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მხარე შესაბამისი მტკიცებულებებით (მაგ., ექსპერტის დასკვნა, სხვა სანდო წყაროები) არ ასაბუთებს ზემოაღნიშნული ოდენობით კანაფის ფისის შეძენა/შენახვა a priori რატომ უნდა იქნეს მიჩნეული იმ ოდენობად, რომელიც მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არის გათვლილი და არ ქმნის მისი გავრცელებისა და, ამ გზით, სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს. ამდენად, მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, რომ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას არ მიიღებს არსებითად განსახილველად დაუსაბუთებლობის მოტივით.
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს სადავო რეგულაციის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შინაარსობრივი მიმართების არსებობაში. თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს ნარკოტიკული საშუალებების ამფეტამინისა და მესკალინის შეძენა/შენახვისათვის (იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებს სარჩელის შემოტანის დროს არ გააჩნდათ მცირე ოდენობები) გათვალისწინებულ სანქციებზე და მათ ადარებს იმ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვისათვის გათვალისწინებულ სანქციებს, რომელთაც გააჩნიათ მცირე ოდენობები. მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არც ერთი არგუმენტი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის სარჩელში აღნიშნული ოდენობისთვის გათვალისწინებული სანქციის ან სხვაგვარი არგუმენტაცია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
33. მოსარჩელე მხარის არაკონსტიტუციურობის არგუმენტაცია სადავო ნორმის (სადავო ნორმატიული შინაარსით) თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებასთან მიმართებით უკავშირდება გამოყენებული სასჯელის არაპროპორციულობას. როგორც უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა (იხ. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტები) აღნიშნული არგუმენტაციით, სადავო ნორმები შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და იგი არ მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლსა და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ მხრივაც დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
34. მოსარჩელე მხარე აგრეთვე სადავოდ ხდის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ვ“ქვეპუნქტებისა დაამავე მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო ნორმატიული შინაარსის)კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
35. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ვ“ქვეპუნქტები სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისა და პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვას 5 წლის ვადით.
36. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა იწვევს არსებითად თანასწორი პირების დისკრიმინაციას. მოსარჩელე მხარე თავს იმ პირების არსებითად თანასწორად თვლის, რომლებიც მოიხმარენ და ამ მიზნით ინახავენ ალკოჰოლურ საშუალებებს. იგი განმარტავს, რომ ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში, აღნიშნული პირებიც იდენტური საფრთხის მატარებელი არიან სატრანსპორტო საშუალების მართვის კუთხით. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება იმ პირებსაც უნდა ჩამოერთვათ, რომლებიც სახლში ინახავენ ალკოჰოლურ საშუალებებს.
37. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან სადავო ნორმის მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, ადგილი აქვს არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო ვრცელდება პირთა შორის განხორციელებული დიფერენცირებისა და, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემთხვევებზე და არა აკრძალულ ქმედებათა კატეგორიებს შორის იდენტური სამართლებრივი წესების დადგენაზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/3/1295 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
38. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა ხორციელდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსის არის და თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, არ გამოყოფს რომელიმე პირს ან პირთა ჯგუფს. კერძოდ, ნებისმიერი პირი, რომელიც დამნაშავედ იქნება ცნობილი ზემოაღნიშნული ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის, შესაძლებელია, დაექვემდებაროს სადავო რეგულაციით დადგენილი უფლებების ჩამორთმევას. ნორმები რომელიმე პირთა ჯგუფს არ უდგენს უკეთეს უფლებრივ მდგომარეობას და, საერთოდ, არ აქვს შემხებლობა პირთა შორის განსხვავებული მოპყრობის დადგენასთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის №1/13/733 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებს პირთა მიმართ ნეიტრალური ხასიათი გააჩნია და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
39. მოსარჩელე მხარე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას, აგრეთვე, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს შრომის უფლებასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების ბუნების, მისი გამოყენების წესის, ვადებისა და გაუქმების მექანიზმების ანალიზის საფუძველზე, დაადგინა, რომ აღნიშნულ ღონისძიებას სადამსჯელო ბუნება აქვს და მიმართულია სასჯელის მიზნების მიღწევისკენ. ამრიგად, სადავო ნორმები ითვალისწინებს პირის უკანონო ქმედებაზე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომას - სასჯელს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილება საქმეზე „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-107). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით არის განმტკიცებული (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და, ამდენად, კონსტიტუციურობის შეფასებას ექვემდებარება სწორედ აღნიშნულ დებულებასთან მიმართებით.
40. იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციის კონკრეტული დებულებით არის განსაზღვრული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებული მოთხოვნები, არასწორი იქნებოდა სასჯელის ზომის პროპორციულობის შეფასება კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით. სასჯელის მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან შესაძლებელია, განხორციელდეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა სასჯელის პროპორციულობის, არამედ ძირითადი უფლებიდან მომდინარე სხვა კონსტიტუციური სტანდარტის შეფასებას, შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნისა და არგუმენტაციის ფარგლებში.
41. მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე მხარე ითხოვს გამოყენებული სასჯელის პროპორციულობის შეფასებას. მოსარჩელე სადავო ნორმების შრომის უფლებასთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვიდან მომდინარე საფრთხეები არ უკავშირდება სატრანსპორტო საშუალების მართვას და, ამ მხრივ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებებს. მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დამატებითი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა სადავო ნორმებით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებების კავშირს დასახელებული კონსტიტუციური დებულებებით აღიარებულ ისეთ სტანდარტებთან, რომლებიც არ უკავშირდება სასჯელის პროპორციულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საქმის ფარგლებში, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების კონსტიტუციურობის შეფასება შრომის თავისუფლებასთან, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
42. რაც შეეხება, პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევის არაკონსტიტუციურობის საკითხს, მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტაცია აღნიშნული ღონისძიების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, პასიური საარჩევნო უფლების მომწესრიგებელ დებულებებს, მათ შორის, აღნიშნული უფლების ჩამორთმევის საკითხს, მიმართება აქვს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ უფლებასთან და სწორედ ამ უკანასკნელთან ექვემდებარება კონსტიტუციურობის საკითხის შეფასებას. მოსარჩელე მხარე კი, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას არ მოითხოვს კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებასთან მიმართებით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
43. საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმისა და დასახელებული კონსტიტუციური დებულების შინაარსის არასწორ აღქმას. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა პრობლემას კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა დასაშვებია, ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, მათ კი, აღნიშნული დანაშაულის ჩადენამდე, ერთმევათ ზემოაღნიშნული უფლება, რაც მოსარჩელის განმარტებით, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპს.
44. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციის მითითებული ნორმით, ზოგადად რეგლამენტირებულია უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფციის გარანტია ... სასამართლო მიუთითებს, რომ უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც მათ შორის გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62).
45. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს პირის უკანონო ქმედებაზე შესაბამის სასჯელს, რომელიც პირს დაეკისრება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. სადავო ნორმის რეგულირება შემოიფარგლება კონკრეტული სასჯელის განსაზღვრით და იგი ამის მიღმა სხვა წესს არ ადგენს, რომელსაც შემხებლობა ექნებოდა პირის უდანაშაულობის პრეზუმციასთან. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია არ ადგენს ისეთ წესს, რომელიც, რაიმე ფორმით, ეჭვქვეშ დააყენებდა სისხლის სამართლის პროცესს დაქვემდებარებული პირის ბრალეულობას. იგი არ უკავშირდება პირის ბრალდებასა და დამნაშავედ აღიარებას. იმავდროულად, სადავო ნორმები არ აწესრიგებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესსა და პროცედურას, არ შეეხება სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ფარგლებს, რომელმაც შესაძლებელია, ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/7/636 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II35, 36). ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის არასწორ იდენტიფიცირებას და იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
46. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №724 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №724 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ ნინოშვილი, ლევან ჩაჩანიძე და მაია კანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით: ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (3.5177 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; ა.ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე და 107-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით: ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (3.5177 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; ბ.ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე და 107-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას; ბ.გ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას;
გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით: გ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (3.5177 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; გ.ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე და 107-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას;
დ) საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას.
2. შეწყდეს საქმე №724 კონსტიტუციურ სარჩელზე („ნიკოლოზ ნინოშვილი, ლევან ჩაჩანიძე და მაია კანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით: ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფენეთილამინის (Phenethylamin) ნაერთთა კლას მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 25C-NBOMe-ს პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის; ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის (0.000761 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 107-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0.3452 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; ა.დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის; ა.ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და ამავე დანართის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის; ა.ვ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) და 73-ე (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით: ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის (0.000761 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 107-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0.3452 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის; ბ.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და ამავე დანართის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის; ბ.ე) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) და 73-ე (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას;
გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით: გ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის (0.000761 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; გ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 107-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მესკალინის (0.3452 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; გ.გ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) და 73-ე (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე