სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ და ელსევარ აგაევი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/5/1507 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 12 ივლისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ივლისი 2024 17:27 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ და ელსევარ აგაევი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 34-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1507) მომართეს სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ“ და ელსევარ აგაევმა. №1507 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 3 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 12 ივლისს.
2. №1507 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლი ადგენს დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის ვალდებულებას ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ და დარღვევის შემთხვევაში, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სადავო ნორმის საფუძველზე, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა – 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიული პირებისთვის – ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად შემოვიდნენ საქართველოში. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზეც. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ელსევარ აგაევს, 2020 წლის 14 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ, დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ბოლნისის რაიონებში მოქმედი კარანტინის წესის დარღვევისთვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისრა არა კანონის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, რაც განაპირობებს მის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების ძირითადი უფლების დარღვევას.
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება და ამ ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დადგენა უნდა მოხდეს კანონით. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც დასჯადი ქმედება, აგრეთვე პასუხისმგებლობა დადგენილია არა კანონით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს კონკრეტული უფლებების ჩამონათვალს, რომელთა შეზღუდვა/შეჩერება დასაშვებია პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს. მიუხედავად ამისა, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაწესების უფლებამოსილებას. საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება არ ჩერდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება კი სწორედ ისეთი საკითხია, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.
8. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია, ასევე, ის გარემოება, რომ, დეკრეტის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმის განსაზღვრის დროს პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, შეარჩიონ პასუხისმგებლობის პროპორციული ზომა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს ეკისრებათ ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირებს – 15 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ადმინისტრაციულსახდელდადებული ფიზიკური პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თავისუფლების აღკვეთის სახით, 3 წლამდე ვადით, იურიდიული პირების შემთხვევაში კი – ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა. შესაბამისად, სადავო რეგულირებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს.
9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 34-ე მუხლებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება აუცილებელია, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებამ უზრუნველყოს მათი უფლებრივი ინტერესების ეფექტიანად დაცვა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1507 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა. კერძოდ, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტმა ძალა დაკარგა 2020 წლის 23 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთანავე, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
2. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
3. აღნიშნული პრაქტიკა მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც, სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს, საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
4. თუმცაღა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეაფასებს, რამდენად არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
6. №1507 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან მიმართებით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებების გავრცელებას იურიდიულ პირებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით კი დადგენილია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. ამასთანავე, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ განსაზღვრავს რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას, ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლს არ გააჩნია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი ხასიათი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამა თუ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის განცალკევებულად შეფასება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის №1/2/566 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1507 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
9. იმავდროულად, განსახილველ საქმეზე, სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმით დაწესებული სანქციები – ჯარიმა 3 000/15 000 ლარის ოდენობით, ისევე, როგორც თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით/ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთანავე, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამა თუ იმ სასჯელის პროპორციულობის საკითხი შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც კრძალავს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). აღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციები/სასჯელები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის, მათ შორის, საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად პროპორციულია სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ვერ შეაფასებს დაწესებული სანქციების/სასჯელების პროპორციულობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №1507 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
13. იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
14. №1507 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ დასჯადი ქმედება და მისი ჩადენისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვროს მხოლოდ კანონის საფუძველზე. მოსარჩელის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული განხორციელდა პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.
15. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.
16. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაწესების საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „ქცევის ახალი წესის შემოღება, განსაკუთრებით კი, საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც წესრიგის დაუცველობას თუ რეგულაციათა შეუსრულებლობას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს, ყოველთვის თან უნდა ახლდეს მისი აღსრულების შესაძლებლობა. პრეზიდენტის მიერ დეკრეტით უფლებათა შეზღუდვა ვერ იქნება თვითმიზანი, დეკრეტის არსი აღსრულებადი წესრიგის შექმნაა, რომლის დარღვევასაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი შედეგები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებამოსილება, დეკრეტის საფუძველზე შეზღუდოს ძირითადი უფლებები, ვერ იქნება ეფექტური საშუალება კრიზისთან გასამკლავებლად, თუკი რეგულაციის აღსრულება დამოკიდებული იქნება პირთა კეთილ ნებაზე. ... დეკრეტის გამოცემის გზით ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა კი გულისხმობს ამ შეზღუდვათა აღსრულებისათვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრას, მათ შორის კი, საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დადგენის უფლებამოსილებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-125,127). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №1502 და №1503 კონსტიტუციური სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
17. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების განსაზღვრა ავტომატურად არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევას. ამასთანავე, №1507 კონსტიტუციურ სარჩელში, მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით, არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, განსახილველ სადავო ნორმასთან მიმართებით კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ ყველა შესაძლო პრობლემურ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და მოსარჩელის მიერ მითითებული შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, №1507 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
19. ამავდროულად, რამდენადაც არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1507 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1507 კონსტიტუციურ სარჩელზე („სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ და ელსევარ აგაევი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში