სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო და ელსევარ აგაევი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1507 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ელსევარ აგაევი |
თარიღი | 2 ივნისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტს N1დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლი: ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით. 2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით) |
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. მიმოსვლის თავისუფლება 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. 3. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში. მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები 1. კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. 2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2020 წლის 13 აპრილს დაახლოებით 18-00 საათზე ფეხით გადავადგილდებოდით ცალ ცალკე მარნეულის ტერიტორიაზე, რითაც ვახორციელებდით ოჯახის ეკონომიკური თუ სხვა პრობლემების თავიდან აცილების მიზნის მიღწევას. გაგვაჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც დაგვაჯარიმეს 3000 ლარის ოდენობით, ე.წ კარანტინის წესების დარღვევისთვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი #1 მიღებული 21 მარტს 2020 წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პრიმა 1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 31-ე მუხლის პრიმა 3 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული N1 დეკრეტით შემოღებული იურიდიული პასუხისმგებლობა უნდა ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად, მისი გამომცემი ორგანოს საამისო უფლებამოსილების არქონის გამო, ხოლო მის საფუძველზე პირისათვის შეფარდებული სახდელები/სანქციები - უკანონოდ.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
პრეზიდენტის დეკრეტით დაწესებული პასუხისმგებლობა და მისით გათვალისწინებული აბსოლუტურად განსაზღვრული მსუსხავი სანქცია, რომელიც არ იძლევა კონკრეტულ გარემოებათა და დარღვევაში გამოვლენილი პირის ბრალის, მისი ხარისხის, მისი ჩადენის ხასიათის და გადაცდომის სიმძიმის გათვალისწინებით 3000 / 15 000 ლარზე ოდნავ მცირე ოდენობით ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობას. გააჩნია თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება იმისა, რომ დეკრეტით დაედგინა იურიდიული პასუხისმგებლობა, შემოეღო ადმინისტრაციული გადაცდომისა და დანაშაულის ახალი სახეები და იქვე გაეთვალისწინებინა მათი დარღვევის შემთხვევაში სანქციები. დეკრეტი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, უკვე არსებული უფლებების მხოლოდ დროებით მზღუდავი აქტია და მას მხოლოდ უფლების შეზღუდვის ან ნორმის შეჩერების შესაძლებლობა გააჩნია, ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღიარებულ უფლებას ან ზღუდვას ან მის რეალიზებას მოდიფიცირებულად ითვალისწინებს, თუმცა ვერ ანაცვლებს საკანონმდებლო ორგანოს და მის ძირითად მიზანს - შექმნას კანონმდებლობა და მისი დარღვევისათვის შემოიღოს იურიდიული პასუხისმგებლობა მისი ჩადენის ხასიათის და გადაცდომის სიმძიმის გათვალისწინებით 3000 / 15 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონით, ჯერ კიდევ 1997 წლიდან დადგენილია წესები, თუ როგორ უნდა იმართოს ეს განსაკუთრებული ვითარება, მოხმობილი აქტი წინასწარ ითვალისწინებს იმ წესებს, როგორი პროცედურით უნდა იქნეს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა და რომელი უფლება როგორ უნდა შეიზღუდოს.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული გამოცემული ბრძანება #2 და N1 დეკრეტით შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა და იმავდროულად, მისი მე-8 მუხლით დაწესდა იურიდიული პასუხისმგებლობის ახალი სახეები, კერძოდ, ნორმამ გაითვალისწინა, რომ „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით“.
ამდენად, პრეზიდენტმა კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვებთან ერთად, იმავდროულად მიიტაცა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენცია ახალი იურიდიული პასუხისმგელობის შემოღებაზე, სანქციის განსაზღვრაზე. მეტიც, ის არ დასჯერდა მისი ინიციატივით ერთპიროვნულად შემოღებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ახალი სახეც კი დაადგინა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით არ პაუზდება საკანონმდებლო საქმიანობა და პრეზიდენტი თუნდაც დროებით არ ითავსებს საკანონმდებლო ფუნქციებს, ნორმის მისაღებად არსებული განსაკუთრებული წესის გვერდის ავლით მას არ ეძლევა ახალი ნორმის, მით უფრო იურიდიული პასუხისმგებლობის დადგენის კომპეტენცია. სხვა სიტყვებით, პრეზიდენტის ხელში არ გადადის სხვა უმაღლეს ორგანოთა უფლებამოსილებები და გამარტივებული წესით ის არ ითავსებს საკანომდებლო ორგანოს უძირითადეს კომპეტენციას. რაც ყველაზე მთავარია, ასეთ დროს ადამიანის უფლებები და ე.წ. „რეპრესიული (პასუხისმგებლობის) სამართალი“ არ იმართება ერთპიროვნულად, ვისიმე სურვილითა და ერთი ხელმოწერის პრინციპით.
კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 71-ე მუხლი საგანგებო მდგომარეობის დროს ითვალისწინებს მხოლოდ კონსტიტუციით დაცული ცალკეული უფლების შეზღუდვას, მისი ნორმების დროებით შეჩერებას და ამ მუხლში მხოლოდ ეს სიტყვებია გამოყენებული - „შეზღუდვა“, „შეჩერება“, ხოლო მათ ნაცვლად, ან მათი შეზღუდვის აღსასრულებლად რაიმე ახალი ნორმებისა და იურიდიული პასუხისმგბელობის დადგენის კომპეტენციას არ აძლევს კონსტიტუცია პრეზიდენტს.
იურიდიული აზროვნებისათვისაც კი მიუღებელია, რომ პირი ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს იმ ნორმის დარღვევისათვის, რომელიც არ დაუდგენია პარლამენტს საამისოდ დადგენილი წესების ზედმიწევნითი დაცვით და მისი დაწესება მოხდეს ერთპიროვნულად, ნორმის შემომღები ორგანოს ან რომელიმე ერთპიროვნულად მოქმედი თანამდებობის პირის მიერ.
რა სახის აღმატებული ფუნქციაც არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, ის ვერასოდეს ვერ განახორციელებს პარლამენტის ერთადერთ კომპეტენციას - კანონით დააწესოს, შემოიღოს იურიდიული პასუხისმგებლობა, მით უფრო საპარლამენტო მმართველობის მოდელის მქონე ქვეყნებში.
ის რაც დადგინდა პრეზიდენტის მხრიდან, საკანონმდებლო ხელისუფლების ცალსახა მიტაცებაა, ხოლო კონსტიტუციის 3.3. მუხლით, „არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება“. თავის მხრივ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 25.9 მუხლის მხედველობაში მიღებით კი, „თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს“.
საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებითი დარღვევისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება უკიდურესად უკანონოდ გამოიყურება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის ნორმების ფუნდამენტური, მისი სიღრმეების გაანალიზების გარეშეც. კერძოდ, პრეზიდენტის დეკრეტის უკანონობა იქამდეც კი მივიდა, რომ გარდა მისით გათვალისწინებული მსუსხავი ეფექტის სანქციის მქონე ადმინისტრაციული სახდელის სახისა და ზომისა (ჯარიმა, 3 000 / 15 000 ლარი), დეკრეტმა ასევე გაითვალისწინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც, შემოიღო ახალი დანაშაულის სახე და დაადგინა მისთვის სანქციაც, მაშინ როდესაც, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, „[ამ კანონით] დადგენილი მოთხოვნების, [...] დარღვევა იწვევს [მხოლოდ] ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად“. იქნება ეს პირის მხრიდან კომენდანტი საათის, თუ საგანგებო მდგომარეობის წესების ნებისმიერი, სხვა რომელიმე დარღვევა, კანონი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ კანონოთ წინასწარ უკვე დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (რომელიც არ არსებობს) და საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის კრიმინალიზებას კანონი იმთავითვე გამორიცხავს, რამეთუ წესების დარღვევაზე რეაგირებისათვის კანონი ადეკვატურად მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„სააგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ მითითებული მე-8 მუხლი, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რომელიც წინასწარ, საკანონმდებლო ორგანოს მიერ უკვე შემოღებულია და ის სამართალდარღვევად უკვე აღიარებულია და მისი დადგენის უფლებამოსილების პრეზიდენტისათვის გადაცემის დაშვებას არ ითვალისწინებს. უკანონოდ იქნა პრეზიდენტის დეკრეტით დაწესებული/შემოღებული იურიდიული პასუხისმგებლობები, ვინაიდან მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მაშინ არ ითვალისწინებდა ნორმას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის და ბუნებრივია არც რაიმე სანქციას ადგენს, ხოლო შექმნილი საჭიროების გამო მისი შემოღება კი სამი საპარლამენტო მოსმენით რთული გზის გავლასთან იყო დაკავშირებული, მისი დადგენა მოხდა არაკონსტიტუციურად, პრეზიდენტის დეკრეტით და ამ დარღვევასთან გაცნობიერებული კომპრომისი დაშვებული იქნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაუცნობიერებლად დადგინდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც, მაშინ როდესაც კანონი აღნიშნულს კრძალავდა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ უკანასკნელის უკიდურესი არაკონსტიტუციურობის გამო, არცერთ პირი არ მიცემულა ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და დეკრეტის მუქარა სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით ან/და 6 წლით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო ემოციურად მსუსხავ ეფექტს ატარებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის.
განხილული კი ცხადჰყოფს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ გააჩნდა სათანადო საკანონმდებლო ბაზის არათუ მზაობა, არამედ მისი საერთოდ არსებობაც კი და მის გამოსასწორებლად დროის არ ქონის გამო, ის დაძლეული იქნა არაკონსტიტუციური გზით, რამაც საბოლოოდ ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თვალსაზრისით ერთი კონსტიტუციური ორგანოს მხრიდან მეორეს ფუნქციების გააზრებულად მიტაცების (შესაძლებელია ნებით გადაცემა-მიბარების) სახე მიიღო, ხოლო სისწრაფეში კიდევ უფრო მეტი გადაცდომაც იქნა დაშვებული.
ამდენად, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული N1 დეკრეტით შემოღებული იურიდიული პასუხისმგებლობა უნდა ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად, მისი გამომცემი ორგანოს საამისო უფლებამოსილების არქონის გამო, ხოლო მის საფუძველზე პირისათვის შეფარდებული სახდელები/სანქციები - უკანონოდ. პრეზიდენტს არ ჰქონდა ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის კომპეტენცია, ნებისმიერ დარღვევაზე არაპროპორციულად მაღალი სანქციაა დაწესებული
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა