ანნა მარღიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1831 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ხვიჩა კიკილაშვილი, |
ავტორ(ებ)ი | ანნა მარღიშვილი |
თარიღი | 29 ივლისი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ე1“ ქვეპუნქტი: ,,სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ;“ |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამათლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
· საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადება - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“;
· საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი -
„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“ ;
· საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი - (საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს)
„საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“ ;
· ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311 მუხლები;
· ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი -
(საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ) „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: ანნა მარღიშვილი წარმოადგენდა ერთ-ერთ მოპასუხეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებულ საქმეში. სწორედ სადაო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცა, რითაც ხელყოფილ იქნა ანნა მარღიშვილის უფლება სამართლიან სასამართლოზე (იხ. თანდართული 2023 წლის 3 ოქტომრის სასამართლო გადაწყვეტილება).
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლით;
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ“. დაუყოვნებლივი აღსრულება გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მანამ, სანამ იგი კანონიერ ძალაში შევა. აღნიშნული ნორმა კი შესაძლებლობას იძლევა, მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე და გადასცეს იგი კრედიტორს, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ძალაში არ შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
- საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ სწორედ კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელ მუხლთან არის სადავო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოხსენებული ნორმის ის შინაარსი, რომელიც გამოსახლების საქმეზე სასამართლოს აძლევს უფლებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსრულებისა.
იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის მოწესრიგება კონსტიტუციურ დებულებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, უნდა მივმართოთ თანაზომიერების პრინციპს.
სადავო მოწესრიგებას, შეიძლება ითქვას, რომ აქვს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, კერძოდ - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად სასამართლოს აქვს კანონით დადგენილი სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობაც, როგორიცაა უზრუნველყოფის ღონისძიებები და რომლებსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი ითვალისწინებს. სადავო ნორმა იძლევა ისეთი განმარტების საშუალებას, რომ სასამართლომ ამ უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენების შესახებ არც კი იმსჯელოს და ისე მიმართოს იმ მკაცრ წესს, რომელსაც პრობლემური ნორმა განამტკიცებს. ამასთანავე, სადავო ნორმა არ გამორიცხავს იმ საქმეებზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას, რომლებზეც გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც პირს ჯერ არ ამოუწურავს სასამართლოს საშუალებით უფლების დაცვის ყველა მექანიზმი და ჯერ არ გამოსულა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაო მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს პირის ინტერესების დაცვას, რადგან იძულებული ხდება, თავისი ქონება მეორე მხარეს გადასცდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელდა მანკიერი პრაქტიკაც, როდესაც გამოსახლების საქმეებზე ხდება დაუყოვნებლივ აღსრულება და ქონების მეორე მხარისთვის გადაცემა. ასეთ პირობებში ხშირია, როცა მხარე სრულიად უსახლკაროდ რჩება, ეს ნორმა კი არ იძლევა გარანტიას, რომ ამგვარ სიტუაციაში პირის უფლებები არაპროპორციულად არ შეიზღუდება და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ღია ცის ქვეშ არ დარჩება. ნორმა არ ახდენს პრევენციას იმ რისკისა, რომ შესაძლებელია კანონიერ მფლობელს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს ნივთის კონტრაჰენტისთვის გადაცემით და სასამართლოს არ ავალდებულებს სიკეთეთა აწონ-დაწონას. ცალსახაა, რომ დარღვეულია პროპორციულობის პრინციპი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2005 წლის 17 მარტის N2/3/286 გადაწყვეტილებაში საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს არამარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციაში საჩივრის შეტანის უფლებასაც.“ სადაო ნორმა კი, ფაქტობრივად, აზრს უკარგავს ამ უფლებით სარგებლობას. იგი სასამართლოს მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს აქცევს ასეთი გადაწყვეტილების ,,მსხვერპლად“, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა შესული ძალაში. ასეთ ვითარებაში გასაჩივრების უფლებაც არარეალური ხდება და თავის დანიშნულებას (უკანონო გადაწყვეტილებისგან დაცვის შესაძლებლობას) კარგავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, ეს იმდენად დიდი ზიანია მისთვის (მორალურად, ფსიქოლოგიურად, ჯანმრთელობის კუთხით და ა.შ), რომ მას გასაჩივრების უფლების სარგებლობა ვეღარაფერს შემატებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” ჯერ კიდევ 1975 წელს (Golder v. the United Kingdom, 1975), დაადგინა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება აზრს დაკარგავდა, თუკი, პირველ რიგში, არ იარსებებდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება“, ამ ნაწილში ძირითადი საპროცესო უფლებები და განსაკუთრებით კონსტიტუციის 31-ე მუხლი ძირითად უფლებათა მსგავსი უფლების სახით უზრუნველყოფს სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე მინიმალური სავალდებულო სტანდარტის დაცვას. სამართლებრივ სახელმწიფოში ძირითადი უფლების გარანტია მოიცავს მისი გათვალისწინებისა და დაცვის სულ მცირე ერთჯერადი სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას, ხოლო იმ ვითარებაში როცა თავად ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას, პიროვნებისთვის მინიჭებული აღნიშნული უფლება გადაიქცევა სახელმწიფოს ვალდებულებად - მისცეს აღნიშნულ პიროვნებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კონტროლის განხორციელების არამხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური შესაძლებლობა. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება კი აზრს დაკარგავს და ილუზორულ უფლებად გადაიქცევა, თუკი აღნიშნულ პერიოდში პირს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად მიადგება ისეთი გამოუსწორებელი ზიანი, რაც შემდგომში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებითაც ვერ იქნება გამოსწორებული.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა