აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/9/1309 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:53 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 76-ე მუხლისა და 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „65 წლის ასაკის მიღწევისას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1309) მიმართა საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2018 წლის 23 აპრილს. №1309 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1309 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლი ადგენს, რომ ამავე კანონის 70-ე მუხლი ვრცელდება 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ასევე სადავოდ არის გამხდარი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „... 65 წლის ასაკის მიღწევისას ...“.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შრომის თავისუფლების უფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, აგრეთვე აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ითვალისწინებს შრომითი უფლებების დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არინ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადება კი ადგენს, რომ კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.
7. №1309 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე აკაკი თოიძე 1994 წლის 10 ნოემბერს, სახელმწიფო მეთაურის №229 განკარგულებით დაინიშნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით. 1997 წლის 13 ივნისს მიღებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, აკაკი თოიძემ 1999 წლის თებერვალში გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის №383 განკარგულებით, დაინიშნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. აღნიშნულ თანამდებობაზე აკაკი თოიძე საქმიანობას ახორციელებდა 10 წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 დეკემბრის №606 ბრძანებულებით, აკაკი თოიძე გათავისუფლებული იქნა მოსამართლის თანამდებობიდან სამოსამართლო უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის გასვლის საფუძვლით.
8. მოსარჩელის განმარტებით, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მას წარმოეშვა სამისდღეშიო პენსიის მიღების უფლება. მოგვიანებით, 2007 წლის 5 იანვარს მოსარჩელემ სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც მოცემული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, აკაკი თოიძეზე ვრცელდებოდა 2006 წლიდან ამოქმედებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი (აღნიშნული კანონით სამისდღეშიო პენსიას ეწოდა კომპენსაცია). ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის თანახმად კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია პირის მიერ 65 წლის ასაკს მიღწევა, ხოლო აკაკი თოიძე არ წარმოადგენდა აღნიშნულ ასაკს მიღწეულ პირს, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, მას არ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. აკაკი თოიძემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა საერთო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.
9. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ. კერძოდ, მოსამართლეთა ერთი ჯგუფი, რომელსაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძველზე წარმოეშვა კომპენსაციის მიღების უფლება, თუმცა არ უსარგებლია ამ უფლებით და 2006 წლის პირველი იანვრის საკანონმდებლო ცვლილებებით აღარ ეძლევა უფლებით სარგებლობის საშუალება, არათანასწორ მდგომარეობაშია მოსამართლეთა მეორე ჯგუფთან მიმართებით, რომელსაც აგრეთვე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძველზე, საერთო საპენსიო ასაკისათვის მიღწევის გარეშე, 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნა კომპენსაცია და კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად შეუნარჩუნდა აღნიშნული კომპენსაციის მიღების უფლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, რამდენადაც მკვეთრად აცილებს ერთნაირი სოციალური სტატუსისა და თანაბარი დაინტერესების მქონე პირებს კონკრეტულ სიკეთეზე წვდომისაგან. ამასთან, დიფერენციაცია მოკლებულია ლეგიტიმურ საჯარო მიზანს და ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს.
10. №1309 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სოციალური უფლება, ეკონომიკური ბუნებიდან გამომდინარე, როგორც მატერიალური სიკეთე დაცულია საკუთრების უფლებით და მოსამართლისათვის განკუთვნილი კომპენსაცია მოიაზრება ამ უფლებით დაცულ სფეროში. თავის მხრივ, სადავო ნორმებით დადგენილი წესი შეუძლებელს ხდის აღნიშნულ სიკეთეზე წვდომას, საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი შეზღუდვა არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ წინაპირობებს, რამდენადაც დადგენილი შეზღუდვა არ ემსახურება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას.
11. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 39-ე მუხლებით დაცულია მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები. მოსარჩელის აზრით, შრომის თავისუფლება მოიცავს სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებსაც, რაც მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფოსგან მიიღოს გარკვეული სახის მატერიალური სიკეთეები. მოსარჩელის განმარტებით, სოციალური დაცვა (სოციალური უზრუნველყოფა) პირდაპირ არ არის მითითებული კონსტიტუციის ტექსტში, თუმცა იგი გამომდინარეობს შრომის თავისუფლებიდან.
12. №1309 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები გავრცელდა უკუძალით, რამაც გააუარესა მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, საერთო საპენსიო ასაკს მიღწევამდე მას შეეზღუდა სოციალური დაცვის გარანტიებით სარგებლობის უფლება. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს მოსამართლისათვის ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობების შექმნის გზით სასამართლოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ფართო დისკრეცია აქვს კომპენსაციის დანიშვნის საკითხში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. №1309 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი სახელმწიფო კომპენსაციის (1997 წლის 13 ივნისის რედაქციით მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, სამისდღეშიო პენსიის) მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. მოსარჩელის მტკიცებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 1997 წლის 13 ივნისის რედაქციის 82-ე მუხლის საფუძველზე, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის მომენტიდან მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მიეღო სამისდღეშიო პენსია, თუმცა ამ ნორმის მოქმედების პერიოდში მოსარჩელეს არ მიუმართავს აღნიშნული პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები მას უზღუდავს სახელმწიფო კომპენსაციის (იგივე, სამისდღეშიო პენსიის) მიღების უფლებას სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტიდან, ვინაიდან მოქმედმა კანონმდებლობამ მისი მიღება დაუკავშირა 65 წლის ასაკის მიღწევას. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად მოიცავს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხს წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ნორმები და დაადგენს მათ მიმართებას მოსარჩელის მიერ დასახელებულ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებთან.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ხოლო, ამავე კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.
4. ხსენებული ნორმები განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრეს და ამავე დროს ადგენს, რომ კომპენსაციის ოდენობასა და გაცემის წესს აწესრიგებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი. მოსარჩელის მითითებით, მან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის შესაბამისად, გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და 10 წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ვადით ახორციელებდა საქმიანობას რაიონულ სასამართლოში. ამდენად, მოსარჩელეს პრობლემურად მიაჩნია არა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე, არამედ აღნიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის განმსაზღვრელი წესი.
5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი კომპენსაციის გაცემის წესს არ განსაზღვრავს. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია ხსენებულ სადავო ნორმებს არ მიემართება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, №1309 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, ამავე კანონის 70-ე მუხლი ვრცელდება 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა განაპირობებს დიფერენცირებას მას და იმ მოსამართლეებს შორის, რომელთაც 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ამოწურვისთანავე დაენიშნათ კომპენსაცია. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლი ყველა მოსამართლის მიმართ თანაბრად ითვალისწინებს ამავე კანონის 70-ე მუხლის გავრცელების შესაძლებლობას. იგი არ ახდენს კომპენსაციის მიღების განსხვავებული წესის რეგლამენტაციას საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რომელიმე კატეგორიისადმი. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, საერთო სასამართლოების შესახებ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლი და, შესაბამისად, ამავე კანონის 76-ე მუხლი საერთოდ არ განსაზღვრავს კომპენსაციის მიღების წესს. ხსენებულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემა, კერძოდ, მოსამართლეებს შორის კომპენსაციის მიღების დიფერენცირებული რეჟიმის დადგენა, არ მომდინარეობს ხსენებული სადავო ნორმიდან.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის76-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, №1309 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. №1309 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო იყო, როგორც ორგანული კანონის, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების კონსტიტუციურობა. ამდენად, აღნიშნული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯად საკითხს.
9. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „... თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კოლეგიის განსჯადი საკითხია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „... 65 წლის ასაკის მიღწევისას ...“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, №1309 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7 და მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1309 („საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 76-ე მუხლისა და 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „65 წლის ასაკის მიღწევისას“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, №1309 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი