ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის და საქართველოს მოქალაქეების - გურამ აბსანძის, ჟანა გოგინავას, გოჩა რაფავასა და ლილი კვეკვესკირის 246-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/246 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 15 ოქტომბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი;
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის და საქართველოს მოქალაქეების - გურამ აბსანძის, ჟანა გოგინავას, გოჩა რაფავასა და ლილი კვეკვესკირის 246-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-16 და მე-17 მუხლებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19, მე-20 და 21-ე მუხლებთან მიმართებით (1) საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულება “მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის “ლარის” გაშვების შესახებ”, (2) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებების შესახებ”, (3) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №717 ბრძანებულება “საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ”, (4) საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი “ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ”, (5) საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის დადგენილება ”რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე, (6) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულება “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”, (7) “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტი, (8) “საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 აგვისტოს №469 ბრძანებულების მე-8 პუნქტი და ყველა ის აქტი, “რომლებიც ჩამოთვლილია” საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ა. ძებისაშვილის 1999 წლის 10 თებერვლის №19/19-85 წერილში.
საქმის განხილვის მონაწილენი: ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის თავმჯდომარე გურამ აბსანძე, აღნიშნული კავშირისა და გ. აბსანძის წარმომადგენელი ემზარ გრიგოლია.
„ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის და საქართველოს მოქალაქეების - გურამ აბსანძის, ჟანა გოგინავას, გოჩა რაფავასა და ლილი კვეკვესკირის 246-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 2003 წლის 12 სექტემბერს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღებისა და 170-ე, 178-ე და 230-ე ნომრებით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან გაერთიანების საკითხების გადაწყვეტის მიზნით გადმოეცა 2003 წლის 19 სექტემბერს. სასამართლოს კოლეგიას ღია განმწესრიგებელი სხდომა ამ საკითხზე გაიმართა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს.
სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ყველა სადავო აქტის გამოცემა ემსახურება მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული თანხების მითვისებას “ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემაში მოკალათებული ოლიგარქების მიერ”. მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებას და სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
განმწესრიგებელ სხდომაზე ეროვნული თანხმობის კავშირისა და გ. აბსანძის წარმომადგენელმა ე. გრიგოლიამ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა - დამატებით მოითხოვა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობის 1993 წლის 20 მაისის №14/9 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მიერ ყოფილი სსრ კავშირის შემნახველი ბანკის სერთიფიკატების განაღდების ვადის შესახებ”.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, საქმის განხილვის მონაწილეთა - ე. გრიგოლიასა და გ. აბსანძის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ 246-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. სახელდობრ, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქეების - გურამ აბსანძის, ჟანა გოგინავასა და გოჩა რაფავას სასარჩელო მოთხოვნას (1) “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და (2) “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში ძირითადად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს. ასეთი სახით 246- ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, დავის საგნის იგივეობის გამო, შეიძლება გაერთიანდეს 170-ე 178-ე და 230-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან, რომლებიც 2002 წლის 26 აპრილის №1/4/230 საოქმო ჩანაწერებით არსებითად განსახილველად არის მიღებული.
სხვა მხრივ კი სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნებს.
1. სადავო აქტების კონსტიტუციურობის საკითხი ვერ განიხილება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-16 და მე-17 მუხლებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 და მე-20 მუხლებთან მიმართებით, ვინაიდან მათ შორის არ არსებობს საგნობრივი კავშირი.
2. ანაბრებთან დაკავშირებით არსებითად ვერ განიხილება “საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 აგვისტოს №469 ბრძანებულების მე-8 პუნქტისა და იმ აქტების კონსტიტუციურობა, რომლებიც ჩამოთვლილია საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ა. ძებისაშვილის 1999 წლის 10 თებერვლის №19/19-85 წერილში, რადგანაც ისინი შეეხება სრულიად სხვა საკითხს - პენსიის ოდენობის განსაზღვრას. ასევე ვერ განიხილება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობის 1993 წლის 20 მაისის №14/9 დადგენილება, რომელიც სერთიფიკატების განაღდების ვადას შეეხება.
3. არსებითად ვერც სადავოდ დასახელებული პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 აქტების კონსტიტუციურობის საკითხი ვერ განიხილება, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ მათ შესახებ უკვე იმსჯელა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 11 თებერვლის №1/1/170 და 27 მაისის №1/4/230 საოქმო ჩანაწერები).
4. საქმეში არსებული მასალები არ მიანიშნებენ, რომ სადავო აქტებით დარღვეულია (შეიძლება დაირღვეს) ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის, როგორც იურიდიული პირის უფლებები საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. ასევე, სარჩელს არ ერთვის იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მოქალაქე ლილი კვეკვესკირი ყოფილი სახელმწიფო-კომერციული ბანკის მეანაბრეა. ამიტომ ვერც ეროვნული თანხმობის კავშირი და ვერც საქართველოს მოქალაქე ლ. კვეკვერსკირი ამ შემთხვევაში უფლებამოსილ სუბიექტებად ვერ ჩაითვლებიან.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის” 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
I. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად 246-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაეების - გურამ აბსანძის, ჟანა გოგინავასა და გოჩა რაფავას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც შეეხება (1) “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და (2) “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
II. 246-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღებულ ნაწილში გაერთიანდეს ერთობლივად განხილვის მიზნით 170-ე, 178-ე და 230-ე ნომრით რეგისტრირებულ და 2002 წლის 26 აპრილის №1/2/178, 2003 წლის 11 თებერვლის №1/1/170 და 27 მაისის №1/4/230 საოქმო ჩანაწერებით ასევე არსებითი განხილვისათვის მიღებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ - “საქართველოს მოქალაქეები - ნანა გოგოჭური, ემზარ გრიგოლია, შოთა მესხელი, გურამ აბსანძე, ჟანა გოგინავა და გოჩა რაფავა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”;
III. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
IV. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
V. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი