„საქართველოს მოქალაქეების – (1) ტრისტან ხანიშვილის, თედორე ნინიძის, ნოდარ ჭითანავას, ლევან ალექსიძის და სხვების (სულ 11 მოსარჩელე) 174–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/8/174–199 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 17 სექტემბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 სექტემბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქეების – (1) ტრისტან ხანიშვილის, თედორე ნინიძის, ნოდარ ჭითანავას, ლევან ალექსიძის და სხვების (სულ 11 მოსარჩელე) 174–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტისა და 22–ე მუხლის მე–4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, 30–ე მუხლის მე–4 პუნქტთან და 39–ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: (1) 174 ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე – მოსაჩელეები: ტრისტან ხანიშვილი, თედორე ნინიძე, ნოდარ ჭითანავა, ანდრია აფაქიძე, ლეო ჩიქავა, მინდია სალუქვაძე, ლევან ალექსიძე, (2) 199–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე –მოსარჩელე გიორგი ქავთარაძე.
საქართველოს მოქალაქეთა – საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა მათი არსებითად განსახილველად მიღებისა და გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია (1) 2002 წლის 5 მარტს (რეგისტრაციის №174) და ამავე წლის 13 აგვისტოს (რეგისტრაციის ნომერი 199).
სასამართლო კოლეგიამ 2002 წლის 10–11 სექტემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე ცალ–ცალკე იმსჯელა წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების შესახებ და დაადგინა რიგი გარემოებანი მათი გაერთიანებისა და არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით.
როგორც განმწესრიგებელ სხდომაზე გამოირკვა, მოსარჩელეები კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძვლად მიიჩნევენ საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტს.
განმწესრიგებელ სხდომაზე ორივე კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეებმა ერთობლივად დააზუსტეს დავის საგანი. თავდაპირველად ისინი მოითხოვდნენ „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის №726–ე დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 52–ე მუხლის პირველ პუნქტთან, 54–ე მუხლის მე–2 პუნქტთან, და საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალ პერიოდში მოქმედი დროებითი კონსტიტუციის 102–ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეებმა გამოიყენეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება, რომლის მიხედვითაც „მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს თვადაპირველი მოთხოვნის საგანი და საფუძველი, გაზარდოს ან შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას დავის საგნის კონსტიტუციურობის შემოწმებაზე. ამდენად, დასახელებული აქტი ვეღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
მოსარჩელეებმა ასევე დააზუსტეს კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის ცალკეული მუხლების კონსტიტუციურობის შემოწმებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მათ მოითხოვეს ამ კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტისა და 22–ე მუხლის მე–4 პუნქტის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, 30–ე მუხლის მე–4 პუნქტთან და 39–ე მუხლთან მიმართებით.
ამრიგად, ორივე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეებია, ორივე სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა – დავის საგანი იდენტურია, რაც იძლევა მათი გაერთიანებისა და ერთად განხილვის შესაძლებლობას.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტებია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–2, მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტით, მე–17 მუხლის მე–5 პუნქტით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22–ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლებითა და 32–ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქეების – (1) ტრისტან ხანიშვილის, თედორე ნინიძის, ნოდარ ჭითანავას, ლევან ალექსიძის და სხვების (სულ 11 მოსარჩელე) 174–ე ნომრით რეგისტრირებული და (2) გიორგი ქავთარაძის 199–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავადებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტისა და 22–ე მუხლის მე–4 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, 30–ე მუხლის მე–4 პუნქტთან და 39–ე მუხლთან მიმართებით.
2. პირველ პუნქტით გათვალისწინებულ სარჩელებზე მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.
3. გაერთიანდეს პირველ პუნქტში აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები მათი ერთობლივად განხილვის მიზნით ერთ საქმედ – „საქართველოს მოქალაქეები – ტრისტან ხანიშვილი, თედორე ნინიძე, ნოდარ ჭითანავა, ლევან ალექსიძე, გიორგი ქავთარაძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
4. საქმეს არსებითდ განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითად განხილვა დაიწყოს ამა წლის 26 სექტემბერს 11 საათზე.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ავთანდილ აბაშიძე
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი