„საქართველოს მოქალაქეების – (1) ტრისტან ხანიშვილის, თედორე ნინიძის, ნოდარ ჭითანავას, ლევან ალექსიძის და სხვების (სულ 11 მოსარჩელე) 174–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/2/174,199 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 15 ოქტომბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 ოქტომბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ავთანდილ აბაშიძე;
იაკობ ფუტკარაძე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა,
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელეები - ტრისტან ხანიშვილი, თედორე ნინიძე, ნოდარ ჭითანავა, ანდრია აფაქიძე, ლეო ჩიქავა, მინდია სალუქვაძე, ლევან ალექსიძე და გიორგი ქავთარაძე, მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი შორენა ჯანხოთელი,
განიხილა საქმე: ,,საქართველოს მოქალაქეები - ტრისტან ხანიშვილი, თედორე ნინიძე, ნოდარ ჭითანავა, ლევან ალექსიძე, გიორგი ქავთარაძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
დავის საგანია: ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს მოქალაქეთა – საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2002 წლის 5 მარტს (რეგისტრაციის N174) და ამავე წლის 13 აგვისტოს (რეგისტრაციის N199).
კონსტიტუციური სარჩელები შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველის პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 17 სექტემბრის საოქმო ჩანაწერით (N1/8/174,199) ზემოთაღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ მათი ერთობლივად განხილვის მიზნით.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი იყვნენ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები – ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრები, რომელთაც ეხება სადავო კანონი. მათ, როგორც საქართველოს კომპარტიისაგან არჩეულ დეპუტატებს, ,,საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 8 ოქტომბრის N726 დადგენილებით ვადაზე ადრე შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე-12 მუხლის პირველმა პუნქტმა, საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის მხრივ ისინი, როგორც 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრები, გაუთანაბრა 1992 წლიდან არჩეულ პარლამენტის წევრებს. მაგრამ, მათი განცხადებით აღნიშული კანონით მათ ნაწილობრივ განსხვავებული საპენსიო უზრუნველყოფა დაუწესდათ.
მოსარჩელეთა აზრით, უზენაესი საბჭოს წევრებსა და პარლამენტის წევრებს შორის საპენსიო უზრუნველყოფის რაიმე სახით დიფერენციაცია გაუმართლებელია. როდესაც კანონი უზენაესი საბჭოს წევრებს ასხვავებს პარლამენტის წევრებისაგან, მხედველობაში აქვს არა მათი სტატუსი, არამედ მხოლოდ ისტორიული პრინციპით განსხვავება. მოსარჩელეთა აზრით, დეპუტატი საერთოდ არ წარმოადგენს შრომის სამართლის სუბიექტს და მისი შრომითი ანაზღაურება არ წესრიგდება შრომის კანონმდებლობით. სადავო კანონში ადგილი აქვს შრომითი ურთიერთობების კერძო-სამართლებრივი მოწესრიგების პრინციპის მექანიკურ გადმოტანას საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში. ამიტომაც, ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგანაც სამსახურებრივი პენსიის მისაღებად ადგენს სადეპუტატო საქმიანობის ერთ წლამდე ვადას, რაც მათი აზრით, პრინციპულად გაუმართლებელია. დეპუტატი პოლიტიკური თანამდებობის პირია, იგი იღებს ჰონორარს და არა ხელფასს და მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, თუ რამდენი ხანი იყო ამ თანამდებობაზე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ დისკრიმინაციულია ასევე ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტიც, რადგან მან 1990 წელს არჩეულ უზენაესი საბჭოს დეპუტატებს საპენსიო უზრუნველყოფა გადაუვადა 2003 წლის 1 იანვრამდე, მაშინ როდესაც პარლამენტის წევრებს პენსია უკვე 2002 წლიდან მიეცემათ. ამით კი, ირღვევა სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპები. თუკი სამართლიანად მოვიქცეოდით, მაშინ უზენაესი საბჭოს დეპუტატებს უფრო ადრე უნდა დანიშნოდათ აღნიშნული პენსია. სოციალური უზრუნველყოფის საკითხის იმგვარი დისკრიმინაციული გადაწყვეტა, როგორსაც აღნიშნული კანონი იძლევა, ლახავს მათ ღირსებას. დაუშვებელია ერთი და იგივე სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ დადგეს ასეთი განსხვავებული სამართლებრივი შედეგი.
მოსარჩელეთა აზრით, სადავო კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტში გამოყენებული ტერმინი - ,,პარლამენტის წევრი” გულისხმობს უზენაესი საბჭოს დეპუტატებსაც. სადავო კანონი ზოგადი წესის მიხედვით პარლამენტის წევრს ეხება, გამონაკლისი სახით კი – უზენაესი საბჭოს წევრებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სადავო ნორმების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 39-ე მუხლთან შეუსაბამობის გამო.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა შორენა ჯანხოთელმა აღნიშნა, რომ სადავო კანონის მიზანს არ წარმოადგენდა უზენაესი საბჭოს წევრების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება. კანონი მხოლოდ პარლამენტის წევრებს ეხება და მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს აწესრიგებს. მოპასუხის აზრით, მოსარჩელეებს ეხებათ მხოლოდ ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე-12 მუხლი და 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, სადავოდ გამხდარი მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი საერთოდ არ ვრცელდება უზენაესი საბჭოს დეპუტატებზე. სადავო კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უზენაესი საბჭოს წევრების პენსიით უზრუნველყოფა განხორციელდება 2003 წლის 1 იანვრიდან, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბიუჯეტში არ იყო სათანადო თანხები და ამიტომაც მოხდა ამ საკითხის გადავადება 2003 წლამდე. მისი აზრით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებს. სადავო ნორმებში არ ჩანს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ნიშნის მიხედვით მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვა. არც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი დარღვეულა, ვინაიდან არ მომხდარა დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დარღვევა. მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებით, ვერც კონსტიტუციის 39-ე მუხლის დარღვევა იკვეთება სადავო ნორმებში. მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა კონსტიტუციის მე-16 მუხლის დარღვევა, რომელთან მიმართებითაც სადავო ნორმების შემოწმება მოსარჩელემ მოითხოვა საქმის არსებითი განხილვის პროცესში. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა სადავო კანონის ხარვეზიანობაზე იმ თვალსაზრისით, რომ მასში სრულყოფილად არაა მოწესრიგებული ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, - კონსტიტუციურ სარჩელთა მონაცემების, საკონსტიტუციო სამართწარმოების მონაწილეთა გამოსვლებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. სადავო კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,პირს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი იყო არაუმეტეს ერთი წლისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამსახურებრივი პენსია მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით“.
მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული პუნქტი მათაც შეეხება და როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კომუნისტ დეპუტატებს, უზღუდავს შესაძლებლობას სრული ოდენობით მიიღონ საპარლამენტო პენსია. მათი მტკიცებით, არაკონსტიტუციურია პარლამენტის წევრის საპენსიო უზრუნველყოფის დიფერენცირება შრომითი საქმიანობის სტაჟის (ვადის) ფაქტორის საფუძველზე. ეს გარემოება მხედველობაში მიიღება მხოლოდ შრომის სამართალში, მუშაკის პენსიით უზრუნველყოფისას, პარლამენტარი კი, როგორც საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პენსიაზე უფლებას იძენს თავისი თანამდებობით, იმის მიხედვით, თუ რამდენი მოწვევის დეპუტატია იგი და არა საქმიანობის სტაჟით.
სასამართლო კოლეგია არ უარყოფს სხვადასხვა კატეგორიის სუბიექტთა სოციალური უზრუნველყოფის დარგში სამართლიანი განსხვავების შესაძლებლობას, თუმცა, ვერ დაეთანხმება მოსარჩელეებს იმაში, რომ თითქოს ადგილი ჰქონდეს სამართლიანობის კატეგორიის გაორებას კერძო და საჯარო სამართალში. სწორად შენიშნავს მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, რომ პენსიაზე უფლების შეზღუდვას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუკი გვეყოლებოდა ისეთი დეპუტატები, რომელთაც ექნებოდათ ნამსახურობის ერთი და იგივე ვადა და ამის მიუხედავად მათ დაენიშნებოდათ სხვადასხვა ოდენობის პენსია. კერძო და საჯარო სამართალში არსებულ თავისებურებათა მიუხედავად დაუშვებელი უნდა იყოს ადამიანთა სოციალური უზრუნველყოფის საერთო პრინციპების მთლიანად იგნორირება. პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებაში მონაწილეობა არ უნდა იქცეს ისეთ პრივილეგიად, რაც არსებით წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებთან. ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაში (N1/1/103,117,137,147-48,152-53) საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები –(1) ვალიდა დარბაიძე, ნათელა ციმაკურიძე და ნანა მირველაშვილი, (2) ნატალია ოკუჯავა, (3) მაია მელაძე, (4) მარი მიქიაშვილი, (5) დავით ადამიძე, ნანა სარიშვილი, გიორგი ოკუჯავა და სხვები (სულ 54 მოქალაქე), (6) ჟუჟუნა ბერიანიძე და (7) მარია ვარამაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ,,სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგება არ უნდა მოასწავებდეს სამართლის შესაბამისი დარგის სფეროდან გასვლას და ძირითადი პრინციპების იგნორირებას“. სადავო ნორმა კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სოციალური უზრუნველყოფის პრინციპების საერთო სივრციდან ამოვარდნილად.
პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსიის დანიშვნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ამ სამსახურში საქმიანობის კანონით დადგენილი გარკვეული სტაჟი (ვადის გასვლა). ასეთ საფუძველს ადგილი აქვს არამარტო შრომის სამართალში, არამედ საჯარო სამართალშიც. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის პენსიის ზრდა დამოკიდებულია ნამსახურობის სტაჟზე. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ სამსახურებრივ პენსიაზე პარლამენტის წევრის უფლებას ვერ წარმოშობს პარლამენტარობის შიშველი ფაქტი. პარლამენტარი, როგორც საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უფლებამოსილი და მოღვაწე (მოსაქმე) პირია. სწორედ ამ ვადებში ვლინდება აღნიშნულ უფლებამოსილებათა შინაარსი. პარლამენტის წევრი, როგორც გარკვეული საქმიანობის სუბიექტი სწორედ საპარლამენტო ვადის დინების პროცესში ავლენს თავის თავს. ამიტომაცაა, რომ პენსიაზე უფლება გარკვეულ ვადებში წარმოშობილი უფლებაა. ამ უფლებას შობს არა ნებისმიერი ვადა, არამედ გონივრულად განსაზღვრული ვადა, რომელშიც აისახება პარლამენტის წევრის სამსახურებრივი საქმიანობის გარკვეული პერიოდი. უფლების წყაროდ ვერ გამოდგება თვით ამ საქმიანობის შედეგები, როგორც ამას ამტკიცებენ მოსარჩელეები. მათი თქმით, ,,შეიძლება პირი ერთი დღე იყოს დეპუტატი, მაგრამ მან ისე შეასრულოს თავისი მისია, რომ ისტორიაში შევიდეს მისი საქმე“. ამ ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ ბევრი დეპუტატი, რომელთაც ასეთი ,, გმირული მისია“ არ შეუსრულებია, საპარლამენტო ვადის გასვლის შემდეგაც შეიძლება უპენსიოდ დარჩეს.
განსაზღვრული ვადა შეიძლება ჩაითვალოს პენსიის ოდენობის წყაროდაც. ვინაიდან ნებისმიერი ვადა არ წარმოადგენს პენსიაზე უფლების წყაროს, ივარაუდება, რომ ამ ვადების დიფერენციაციის კვალობაზე პენსიის ოდენობაც შეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომაა რომ, თუ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ერთ წლამდე საპარლამენტო საქმიანობა იძლევა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის 50% ოდენობით პენსიის მიღების უფლებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, ერთ წელზე მეტი ხნით პარლამენტის წევრობას შედეგად მოსდევს ხელფასის სრული ოდენობით პენსია. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული როგორც საპენსიო ვადა, ისე მისი ოდენობა არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან წინააღმდეგობის საფუძველს.
ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო არ დასტურდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევა პოლიტიკურ შეხედულებათა მოტივით, როგორც ამას მოსარჩელეები მიიჩნევენ. არ მტკიცდება ის, რომ პარლამენტის წევრის სამსახურებრივ პენსიას, რომელიც გათვალისწინებულია სადავო მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით, მათი პოლიტიკური შეხედულებები ედოს საფუძვლად და ამით ირღვეოდეს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.
ასევე არ დასტურდება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს კი სხვა გარემოებებთან ერთად უნდა გულისხმობდეს ადამიანის ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფა-განვითარების უფლებას. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი პენსია შეუძლებელია რაიმე დაბრკოლებას ქმნიდეს აღნიშნული უფლების რეალიზაციის გზაზე.
სადავო ნორმა ვერ ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევად. ამ მუხლის თანახმად ,,საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.“ მოსარჩელეთა უფლება სოციალური უფლებაა და კონსტიტუციის 39-ე მუხლის დაცვის საგანს წარმოადგენს. როგორც ,,ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს - ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია ადამიანთა სოციალური უფლებების დასაცავად ,,არსებული რესურსების მაქსიმალურ ფარგლებში მიიღოს ზომები“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაში (N1/1/126,129,158) საქმეზე: ,,საქართველოს მოქალაქეები – (1) ბაჭუა გაჩეჩილაძე, სიმონ თურვანდიშვილი, შოთა ბუაძე, სოლომონ სანადირაძე და ლევან ქვაცბაია, (2) ვლადიმერ დობორჯგინიძე, ნინელი ანდრიაძე, გურამ დემეტრაშვილი და შოთა პაპიაშვილი, (3) გივი დონაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ასევე აღინიშნა, რომ საერთაშორისო - სამართლებრივი აქტების შინაარსიდან გამომდინარე ,,ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლების დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც რომ უზრუნველყოს.“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სამსახურებრივი პენსია ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად.
არ დასტურდება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, რომელშიც საუბარია შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე. ეს კი გულისხმობს იმას, რომ შრომითი საქმიანობისათვის გაღებული გასამრჯელო სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს დახარჯული შრომის ღირებულებასთან. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო უზრუნველყოფა წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, იგი ასევე ემორჩილება სამართლიანი ანაზღაურების პრინციპებს და ამ აზრით შეიძლება იყოს შემხებლობაში კონსტიტუციის დასახელებულ ნორმასთან. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პენსია, როგორც ეს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებიდანაც გამოჩნდა, შეუძლებელია ჩაითვალოს სამართლიანი სოციალური უზრუნველყოფის ზემოთაღნიშნული პრინციპების დარღვევად.
II. მოსარჩელეებს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, 1990 წელს არჩეულ უზენაესი საბჭოს წევრთა საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფა განხორციელდება 2003 წლის 1 იანვრიდან, მაშინ როცა ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრებზე პენსიის გაცემა განისაზღვრა 2002 წლის 1 იანვრიდან. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-15 და მე-18 მუხლების ამოქმედება დადგინდა 2002 წლის 1 იანვრიდან.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა, როგორც ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატების მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები. ისინი საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით თვით სადავო ნორმის შემცველმა კანონმა გაუთანაბრა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც 1992 წლიდან არიან არჩეული. რაც შეეხება სადავო ნორმას, იგი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციონალურად ერთნაირი სტატუსის მქონე პირებს. კერძოდ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია პარლამენტის წევრები. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ უზენაესი საბჭოს დეპუტატებს საპენსიო უზრუნველყოფა პარლამენტის წევრებთან შედარებით ერთი წლით გადაუვადდათ. ვერ ამართლებს ამ განსხვავებას მოპასუხის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არ არსებობდა თანხები და ამიტომ იქნა გათვალისწინებული უზენაესი საბჭოს დეპუტატებისათვის პენსიით უზრუნველყოფა 2003 წლის პირველი იანვრიდან.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ თუკი არსებობდა საბიუჯეტო პრობლემები, იგი პარლამენტის წევრებზეც უნდა გავრცელებულიყო. სადავო კანონის მე-12 მუხლის ფონზე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საპარლამენტო პენსიებით უზრუნველყოფა ხდება ,,აგრეთვე უზენაესი საბჭოს წევრებისა, რომლებიც არჩეულ იქნენ 1990 წელს“ - დისკრიმინაციულად გამოიყურება სადავო 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ დაუშვებელია ერთი კატეგორიის სუბიექტების სოციალური უფლებისადმი პრინციპულად განსხვავებული მიდგომა, როცა მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პენსიის გაცემა დამოკიდებული ხდება დიფერენცირებულ ვადებზე. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, კოლეგია იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით მათი უფლებების დარღვევა შეიძლება მომხდარიყო პოლიტიკური შეხედულებების გამო. სასამართლო კოლეგია ასევე აღნიშნავს, რომ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა იწვევს პარლამენტის წევრთა პენსიით უზრუნველყოფაში ისეთ დიფერენცირებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს. სადავო ნორმა ასევე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებითაც, რომლის დაცვის ობიექტთა შორის მოიაზრება აგრეთვე მოსარჩელეთა სოციალური უზრუნველყოფის უფლება. ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ “ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად ,,ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე… “ სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ აქ გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის უფლება გულისხმობს მის სამართლიან და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განხორციელებას. სადავო 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, უზენაესი საბჭოს დეპუტატების მიმართ დარღვეულია აღნიშნული მოთხოვნები. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მის წინააღმდეგობას, ეს არ დასტურდება.
III. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხებში ხასიათდება ცალკეული ხარვეზებით. ეს გამოიხატება კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ ცალკეულ დებულებათა იმგვარად ფორმულირებაში, რაც შეიძლება გახდეს მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი. გამოკვეთილად და სრულყოფილად არ ჩანს მოწესრიგებული ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატთა პენსიით უზრუნველყოფის საკითხი, რის თაობაზეც აღნიშნა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა. სასამართლო კოლეგიას ასევე მიაჩნია, რომ კარგი იქნებოდა ყოფილი უზენაესი საბჭოს კომუნისტი დეპუტატების – ამჟამინდელი მოსარჩელეების საპენსიო უფლებები სპეციალური ნორმებით ცალკე მოწესრიგებულიყო, ვინაიდან ამ კატეგორიის პირთა მიმართ ადგილი ჰქონდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ისეთ საგანგებო და სპეციფიკურ შემთხვევას, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების - ტრისტან ხანიშვილის, თედორე ნინიძის, ნოდარ ჭითანავას, ლევან ალექსიძის, გიორგი ქავთარაძისა და სხვების (სულ 12 მოსარჩელე) კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი;
2. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების - ტრისტან ხანიშვილის, თედორე ნინიძის, ნოდარ ჭითანავას, ლევან ალექსიძის, გიორგი ქავთარაძისა და სხვების (სულ 12 მოსარჩელე) სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით;
3. ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის III პუნქტში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს სრულყოფილად მოწესრიგდეს მოსარჩელეთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის საკითხი;
4. ,,პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილი - 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი – იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
5. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
7. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
8. გადაწყვეტილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ავთანდილ აბაშიძე
იაკობ ფუტკარაძე