საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/250 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა“, მეორე და მესამე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12, მე-13, 28-ე მუხლის მეორე პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2003 წლის 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №250) მომართა საქართველოს კონსერვატიულმა (მონარქისტულმა) პარტიამ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი და მე-16 მუხლი.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მოსარჩელის მიერ სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-12, მე-13, 28-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის დადგენის თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დავის საგნის მიმართება კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლებთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში მოყვანილია ის მტკიცებულებები, რომლებიც მისი ავტორის აზრით, ადასტურებენ დავის საგნის საფუძვლიანობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით. კანონმდებლობის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა არ იძლევა მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების საშუალებას, ვინაიდან ამ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე არის შესაძლებელი.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39-ე მუხლების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მე-18 მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოსარჩელე საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა“, მეორე და მესამე პუნქტების კონსტიტუციურობის დადგენის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.