მოსარჩელე - საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი და იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/3/250-269 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 9 ივლისი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოსარჩელე – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი და იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით და საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 92-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულების ,,...რომელსაც, საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა...“, მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი და მისი წარმომადგენელი პაატა გოგალაძე; 2. ნოდარ გურგენიძე, თემურ ფიფია, ირაკლი კალანდაძე, თამაზ მაჭავარიანი, მამული ალადაშვილი და მათი წარმომადგენლები: ბელა სირბილაძე, ქეთევან ჭაბუკიანი და ანზორ ჯაფარიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, 2004 წლის 13 იანვარს №2/1/269 საოქმო ჩანაწერის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, 250-ე და 269-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები გააერთიანა მათი ერთობლივი განხილვის მიზნით.
მოსარჩელე - საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანის კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-16 მუხლები.
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 92-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება ,,...რომელსაც, საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა...“, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი, 13-ე მუხლი, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 92-ე მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი ნორმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის აწესებს 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების აუცილებლობას, არაკონსტიტუციურია, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. კერძოდ, 1952 წლის 20 მარტის პარიზის ,,ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპის კონვენციის ოქმის“ მე-3 მუხლს, რომლითაც ნაკისრია ვალდებულება, სახელმწიფოებმა ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები გონივრულ ინტერვალებში ფარული კენჭისყრით იმ პირობების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის შეხედულებების თავისუფალ გამოხატვას საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევისას.
მოსარჩელის აზრით, სადავო აქტით შეილახა კონსტიტუციის მე-12 მუხლის, მე-13 მუხლის და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული ნორმებით მოქალაქეთათვის მინიჭებული უფლებები, რამეთუ უზრუნველყოფილი არ არის ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება, აირჩიოს და არჩეულ იქნეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავო დებულებით, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვებით, იგნორირებულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი ნაწილით და 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებები. მისი აზრით, არაკონსტიტუციურია კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც 25 წელს მიღწეულ მოქალაქეებს, რომლებსაც არ უცხოვრიათ საქართველოში მუდმივად 10 წელი, ერთმევათ პასიური საარჩევნო უფლება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. თუმცა კანონის მოთხოვნები უნდა გამომდინარეობდნენ კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი და სარჩელის შემოტანის დღიდან გაუქმდეს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 92-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება ,,...რომელსაც, საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა...“, და ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.
მოსარჩელეების - იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის ,,ე“ პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 10-ე მუხლი.
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ არაკონსტიტუციურია სადავო მუხლით დაწესებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე“.
მათი აზრით სადავო აქტი შინაარსობრივად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და მისი პრაქტიკული გამოყენება უხეშად ხელყოფს მოქალაქეთა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ უფლებებს. კერძოდ, ,,ხალხი თავის ძალაუფლებას ანხორციელებს რეფერენდუმის უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“.
მოსარჩელეები წარმოადგენენ, როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტებს და მიაჩნიათ, რომ დაირღვა ერთი მხრივ საქართველოს პრეზიდენტად მათთვის სასურველი პიროვნების იგორ გიორგაძის საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების გზით, თავისუფალი არჩევანის განხორციელების შესაძლებლობა (საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი) და მეორე მხრივ, თვით იგორ გიორგაძის კონსტიტუციით დაცული უფლება, თანასწორ პირობებში არჩეულ იქნეს და დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა (საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი). კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელი ა. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმამ უხეშად დაარღვია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ი. გიორგაძის კონსტიტუციური უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.
მოსარჩელეები თვლიან, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად: ,,პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში“, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს არჩევნების დანიშვნის დღეს ე.ი. არჩევნებამდე 60 დღით ადრე და არა უკანასკნელი ორი წელი, როგორც ეს დაადგინა სადავო აქტმა.
სარჩელის ავტორები მოითხოვენ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ,,საქართველოში ცხოვრების ვადა“ გულისხმობს არჩევნებამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხოვრების პერიოდსაც, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასა და 39-ე მუხლის მოთხოვნებთან.
მოსარჩელეების წარმომადგენელს ქ. ჭაბუკიანს მიაჩნია, რომ თვითონ კანონმდებელმა ვერ მოარგო სადავო მუხლის მე-2 პუნქტი ვერც ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 82-ე მუხლს, რომელშიც დადგენილია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი და ვერც ამავე კანონის 84-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის პირობებს. ის აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2003 წლის 13 დეკემბრის №206-03/2003 განკარგულებაში არ არის ლაპარაკი კანონმდებლობის დარღვევაზე და ისე ეთქვა უარი ი. გიორგაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. აქედან გამომდინარე, ქ. ჭაბუკიანი არ აყენებს ზემოთ ხსენებული განკარგულების კანონიერების საკითხს, არამედ მოითხოვს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას და სადავო პუნქტის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2004 წლის 13 იანვრის №2/1/269 საოქმო ჩანაწერის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით 250-ე და 269-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები გააერთიანა მათი ერთობლივი განხილვის მიზნით.
საქმის არსებითი განხილვის დროს 250-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელის ავტორმა თ. ჟორჟოლიანმა დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა. მას მიაჩნია, რომ სადავო ნორმებმა შელახეს მისი პასიური საარჩევნო უფლება და ასევე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის აღნიშნულ მოსაზრებას, იგი თვლის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავო პუნქტების კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებაში უსაფუძვლოა, ვინაიდან სადავო ნორმა უფლებას ანიჭებს საქართველოს ყოველ მოქალაქეს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სწორედ კანონმა დაადგინა აღნიშნული შეზღუდვები.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა გ. კვერენჩხილაძემ და ნ. ჭიღლაძემ მხარი არ დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნებს. მათ თავიანთ დასკვნებში კონსტიტუციის გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით აღნიშნული აქვთ სადავო ნორმების შესაბამისობის შესახებ.
სპეციალისტ გ. კვერენჩხილაძეს თავის დასკვნაში მოყვანილი ჰყავს საარჩევნო ცენზების ფართო ჩამონათვალი საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით, რომლებიც ბევრად ართულებენ არჩევნებში კანდიდატებად მონაწილეობის შესაძლებლობას. მას სავსებით მისაღებად მიაჩნია ის საარჩევნო ცენზები, რომლებიც დაადგინეს სადავო პუნქტებმა.
ამასთან დაკავშირებით იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (269-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელი) წარმომადგენელმა ბ. სირბილაძემ განაცხადა, რომ სპეციალისტმა დასკვნაში თავი აარიდა სარჩელში დასმულ პრობლემებზე მსჯელობას და მიმოიხილავს საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციურ ნორმებს. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის არ დაობს საარჩევნო ცენზების აუცილებლობაზე, არამედ მას მიაჩნია, რომ სადავო კანონი გასცდა კონსტიტუციურ ნორმას და განსხვავებული შეზღუდვა დადგინა პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთათვის.
მოსარჩელე თვლის, რომ ყოველივე აღნიშნულმა შელახა არა მხოლოდ იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის კონსტიტუციური უფლებები, არამედ მთლიანად პოლიტიკური პარტია ,,სამართლიანობის“ წევრთა კონსტიტუციური უფლებები დაარღვია. რადგან პარტია ,,სამართლიანობა“ მოიხსნა არჩევნებიდან, შესაბამისად ათი ათასი ამომრჩეველი დარჩა საარჩევნო უფლების მიღმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ თითქმის ანალოგიურ და უფრო მეტ შეზღუდვებს ითვალისწინებს პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთათვის სხვა ქვეყნის კანონები და მოყვანილი აქვს მაგალითები უკრაინის, რუსეთის, მექსიკის და სხვა ქვეყნების კანონმდებლობიდან. მისი განცხადებით, სადავო საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი შინაარსობრივად და ლოგიკურად უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლს და არ შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან კავშირს, რომელშიც საქართველოს ყოველი მოქალაქის საარჩევნო უფლების ზოგადი ნორმებია ჩამოყალიბებული და აღნიშნულ მუხლთან მიმართებით კონსტიტუციურობის დადგენა საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გაანალიზების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის და მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი:
1. 250-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის ავტორია საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი. მისი მოთხოვნის საგანი, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი შეზღუდვების კონსტიტუციურობის საკითხს ეხება.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტები საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული უფლების დარღვევის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის მიხედვით: ,,1. ყოველ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. მაშასადამე, თვით საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, დაუშვებელია კანონით დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია საარჩევნო სამართლის მხოლოდ ძირითად პრინციპებს ადგენს, მათი რეგულირება კი ხდება სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც უფლებამოსილია, დაადგინოს საარჩევნო ცენზი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი საარჩევნო ხმის უფლების მოსაპოვებლად.
სასამართლო კოლეგია ეთანხმება საქმეზე სპეციალისტად მოწვეულ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიის კათედრის დოცენტის გიორგი კვერენჩხილაძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საარჩევნო ცენზი საარჩევნო სამართლის ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუტს წარმოადგენს და მისი მეშვეობით ხდება კონკრეტულ ქვეყანაში საარჩევნო პროცედურების სრულყოფილად წარმართვა. ეჭვგარეშეა, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს მითითებებს მისი მოქალაქეების საარჩევნო უფლების გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით და აწესებს სხვადასხვა სახის საარჩევნო ცენზებს. რაც შეეხება თავად საარჩევნო ცენზის დანიშნულებას, უნდა ითქვას, რომ იგი არ მიიჩნევა და არც შეიძლება მიჩნეულ იქნეს არადემოკრატიულობის მაჩვენებლად. ვინაიდან ქვეყანაში, სადაც არ არის დაწესებული არც ერთი სახის საარჩევნო ცენზი (და ასეთი ქვეყანა არ არსებობს), წარმოუდგენელია ნორმალური საარჩევნო პროცესის ჩატარება. ქვეყანაში საარჩევნო ცენზების არარსებობა უდავოდ გამოიწვევს სრულ ქაოსს საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში, თავად არჩევნების ჩატარების შეუძლებლობის ჩათვლით.
სარჩევნო კოდექსის 92-ე მუხლის სადავო პუნქტებით განსაზღვრულია ის პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. კერძოდ, სადავო მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები ,,რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წლისა“ და მე-2 პუნქტით პარლამენტის წევრობის კანდიდატისათვის დადგენილია ბინადრობის ცენზი, ხოლო სადავო მე-3 პუნქტი კრძალავს ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი პირის პარლამენტის წევრად არჩევას.
ზემოთ ჩამოთვლილი სამივე საარჩევნო ცენზი დადგენილია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ ის დააკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატისაგან აღნიშნული პირობების დაცვის მოთხოვნა საფუძვლიანია.
რაც შეხეება თ. ჟორჟოლიანის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საარჩევნო სიიდან პირველ ნომრად რეგისტრირებული კანდიდატის ამოღებამ კონსერვატიულ (მონარქისტულ) პარტიას, როგორც იურიდიულ პირს დაურღვია პასიური საარჩევნო უფლება, სასამართლოს აზრით მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა აღნიშნული პარტიის რეგისტრაციაზე.
2. 269-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ სადავო კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეთათვის.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ვერ შეძლეს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებული ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება, რაც გამოიხატება პრეზიდენტობის სასურველი კანდიდატისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოსაზრებები და არგუმენტები ძირითადად პოლიტიკურ შეხედულებებსა და მრწამსს ემყარება, რასაც თავისთავად სასამართლო მიუღებლად თვლის.
კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებულია არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ქვეყნების საარჩევნო პრაქტიკიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საარჩევნო უფლების განხორციელებაზე შეზღუდვების დადგენის ფართო ზღვარი აქვს მინიჭებული. მას შეუძლია შეზღუდვას დაუქვემდებაროს, როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლება, თუმცა ეს შეზღუდვები თვითნებური არ უნდა იყოს. თავისუფალი არჩევნების უფლების განხორციელებაზე შეზღუდვები დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი გონივრულია. დემოკრატიის თანამედროვე გაგების თანახმად, საარჩევნო უფლების ფარგლებში ჯერ კიდევ აქვს ადგილი გამორიცხვის პრინციპს, ანუ ქვეყნის კანონმდებლობის მიერ იმ კატეგორიის პირთა ჩამონათვალის გაკეთებას, რომელიც საარჩევნო უფლებით არ სარგებლობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სადავო ნორმებში თავისუფალი არჩევნების უფლებაზე არსებული შეზღუდვები არ შეიძლება შეფასდეს როგორც რაიმე დისკრიმინაცია.
როგორც საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა უჩვენებს, უმრავლეს სამართლებრივ სახელმწიფოებში გავრცელებულია აქტიურ და პასიურ უფლებებზე სხვადასხვა სახის ცენზი (ქონებრივი, განათლების, ბინადრობის მკვიდრობის, ასაკობრივი, მორალური და ა.შ.).
ამგვარია ცენზის სახეები, რომელთა რეალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეულ ქვეყნებში მათი სახით არსებობს ძირითადი პირობები, რომლებიც არეგულირებენ აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას. ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს თავის დასკვნაში მოწვეული სპეციალისტი გ. კვერენჩხილაძე.
3. მოსარჩელეების არგუმენტები საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული უფლების დარღვევის თაობაზე, უსაფუძვლოა. არსებითი განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოირკვა, რომ მოსარჩელეებს თავად არ შელახვიათ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული უფლებები. არამედ ისინი სადავოდ ხდიან მათი სასურველი კანდიდატის უფლებების დარღვევას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“, ანუ ეს მუხლი გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოში ,,აბსტრაქტული კონტროლის“ პრინციპის საფუძველზე ფიზიკური პირის მიმართვას. იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ვერ გამოვლენ სხვისი უფლებების დასაცავად, რათა იდავონ ამ უფლების უშუალოდ დარღვევაზე ან დარღვევის შესაძლებლობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს, აღნიშნული პრინციპის განმარტებისას 2002 წლის 26 ივლისს მიღებული აქვს №2/13/197 განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ბ“ პუნქტიდან ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტმა დააწესა, რომ ,,პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დღეს ცხოვრობს საქართველოში“. ამავე მუხლის 10-ე პუნქტი ადგენს, რომ ,,პრეზიდენტის არჩევნების წესი და პირობები, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით“. აქედან გამომდინარე, საქართველოს კანონმა განსაზღვრა სახელმწიფო სამსახურის დაკავების პირობები. მათ შორის არის საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავო მე-80 და 92-ე მუხლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 70-ე, ასევე საარჩევნო კოდექსის სადავო და რიგ სხვა მუხლებში დადგენილია პრეზიდენტობის კანდიდატისათვის არჩევის წესი და პირობები. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებულ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებასთან სადავო ნორმას არავითარი შეხება არ გააჩნია. სადავო მუხლებმა ამ უფლებების (ლაპარაკია აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებზე) რეალიზაციისათვის მოახდინა მათი რეგლამენტირება საქართველოს კონსტიტუციიდან (28-ე, 29-ე, 49-ე და 70-ე მუხლები) გამომდინარე.
4. რაც შეეხება სადავო კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი შეეხება იმ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციაში.
სასამართლო კოლეგია ეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ისეთი უფლებები, როგორიცაა: არჩევნებში მონაწილეობისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება, რომლებიც მოსარჩელეთა აზრით, დაარღვია სადავო ნორმამ, რეგულირდება კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლებით. შესაბამისად, ისინი ვეღარ მოექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მოქმედების ქვეშ. რაც შეეხება მოსარჩელეებს, სხვა რაიმე კონკრეტული უფლება, რომელიც დაირღვა და არ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციაში არ დაუსახელებიათ. შესაბამისად, შესაძლებელია სასამართლომ იმსჯელოს სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებაზე.
5. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ასევე შესაბამისობაშია სარჩელში მოყვანილ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ევროპის კონვენციის №1 ოქმის მე-3 მუხლთან, რომლის თანახმად: ,,მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები გონივრულ ინტერვალებში ფარული კენჭისყრით იმ პირობების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვას საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევნებში“.
ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია აღნიშნავს, რომ პირველი ოქმის მე-3 მუხლი წარმოადგენს ერთადერთ დებულებას, რომელიც არ არის უფლება და თავისუფლება და რომელიც არ მოითხოვს სახელმწიფოსაგან ჩაურევლობას. ამის საპირისპიროდ ეს დებულება პირდაპირ განსაზღვრავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ და სასამართლომ განიხილეს საქმეები, რომლებიც წინ სწევდნენ პირველი ოქმის მე-3 მუხლიდან გამომდინარე საკითხებს. კომისიამ მიუღებლად გამოაცხადა განცხადებები, რომლებშიც ფიზიკური პირები დავობდნენ ისეთი სახელმწიფო პრაქტიკის წინააღმდეგ, როგორიცაა, პოლიტიკური პარტიების სუბსიდირება არჩევნების შედეგების საფუძველზე ან პეტიციაზე ხელმოწერების განსაზღვრული რაოდენობის განსაზღვრული არსებობის მოთხოვნა პიროვნებისათვის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის ნებართვის მიცემამდე. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ოქმის მე-3 მუხლი თეორიულად ყველასათვის უზრუნველყოფს ხმის მიცემისა და საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლებას კონვენციის პირველ მუხლში გათვალისწინებული ყოვლისმომცველი პრინციპის შესაბამისად.
ასე მაგალითად, საქმეში გიტონასი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ სასამართლომ არ დაადგინა პირველი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევა. ამ საქმეში შიდა სამართალი უკრძალავდა პიროვნებას არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას, თუკი იგი სამ თვეზე მეტი ხნით მუშაობდა სახელმწიფო თანამდებობაზე შესაბამისი არჩევნების თარიღამდე სამი წლის განმავლობაში.
როგორც ვხედავთ, ზემოაღნიშნული ევროპული კონვენციის ოქმის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული უფლება, თავისი ბუნებით სხვა მუხლებისაგან განსხვავებით, ინდივიდუალურია. ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ: ,,ამ უფლების განსახორციელებლად სახელმწიფოს მხრიდან არის არა თავის შეკავება და ჩაურევლობა, როგორც ეს უმეტეს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან მიმართებითაა გათვალისწინებული, არამედ მიიღოს ის პოზიტიური ზომები, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს“.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლო ეთანხმება საქმეზე მოწვეული სპეციალისტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებათა რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი საარჩევნო სამართლის ფარგლებში წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული პოლიტიკის საფუძველს, ვინაიდან სწორედ სხვადასხვა დონის წარმომადგენლობითი ორგანოებისა თუ სახელმწიფო თანამდებობის პირების არჩევნებია სახელმწიფოს დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი.
6. მოსარჩელებმა და მათმა წარმომადგენლებმა, როგორც სარჩელში ასევე არსებითი განხილვის დროს აღნიშნეს, რომ სადავო მუხლებში არის ხარვეზები, რაც მანიპულაციის საშუალებას აძლევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას. რაც, მათი აზრით, ნორმის ორაზროვანი გამოყენებისა და სუბიექტური შეხედულებით გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა. მოსარჩელის აღნიშნულ მოსაზრებას ნაწილობრივ მოპასუხეც დაეთანხმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტები უფრო ნორმის მიზანშეწონილობას ეხება. ხარვეზის არსებობა კანონმდებლობაში ყოველთვის არ წარმოადგენს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნორმის არასწორ გამოყენებაზე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან იგი იხილავს დავებს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით მანიპულირების და მისი ორაზროვანი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს მისი დაკონკრეტება და საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ სადავო მუხლები შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 29-ე და 39-ე მუხლებთან.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანის (250-ე ნომრით რეგისტრირებული) და იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (269-ე ნომრით რეგისტრირებული) კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან მიმართებით და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 92-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულების ,,...რომელსაც, საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა...“, მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილება გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა