ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/1/1410 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 17:43 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, ასევე 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1410) მომართა საქართველოს მოქალაქე ანი აროშიძემ. №1410 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 15 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1410 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით კრიმინალიზებულია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად აცხადებს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა – პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა და სანქციის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით და სასჯელის სახედ განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და აკრძალულია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს, რომ „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ სოციალური ქსელის „Facebook“-ის (შემდგომში – „ფეისბუქის“) 15 წევრიანი ჯგუფიდან მოიპოვა საქართველოს პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერი, რომელიც შეინახა „Facebook Messenger“-ში (შემდგომში – „ფეისბუქ მესენჯერში“) და რომელიც შემდგომ, პირადი, დახურული მიმოწერის საშუალებით, გადაუგზავნა 3 მეგობარს. დასახელებული ქმედებები პროკურატურის მხრიდან დაკვალიფიცირდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებად, შენახვად და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებად, რის გამოც, მოსარჩელე ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი არათანაზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციები არ მიჯნავს ერთმანეთისგან, ერთი მხრივ, პირველად მოპოვებულ, შენახულ და გავრცელებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს და, მეორე მხრივ, ერთხელ უკვე საჯაროდ გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებას, შენახვას და გავრცელებას. სადავო ნორმების ინტერპრეტირება ხდება იმდაგვარად, რომ მისი რეგულირების ქვეშ ექცევა პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი იმგვარი ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც საჯარო პლატფორმაზე – ინტერნეტშია შესაძლებელი, რაც დაუშვებელია. გასაჩივრებული რეგულაციებით დასჯადია პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვება, შენახვა ან/და გავრცელება განურჩევლად ამგვარი ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების მიზნისა და ფაქტობრივი გარემოებებისა.
7. მოსარჩელე ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების უდიდეს მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და აღნიშნავს, რომ დასახელებული უფლება იცავს არა მხოლოდ აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ ამისთვის სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობასაც.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს სხვათა უფლებების, კერძოდ, სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციები წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას. მისი თქმით, ამგვარი ხასიათის რეპრესიული ღონისძიების გატარება თანაზომიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი უშუალო მონაწილეობას მიიღებდა სხვა პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს თავდაპირველ მოპოვებაში, შემდგომში მის შენახვაში საჯაროდ გავრცელების ან შანტაჟის მიზნით ან მის გასაჯაროებაში სოციალური ქსელის ან ზოგადად ინტერნეტის მეშვეობით.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების მიზნით არ ჩაუდენია რაიმე სახის უკანონო ქმედება. კერძოდ, არ შეჭრილა სხვის პირად სივრცეში, არ გადაუღია ვიდეო და არ აუტვირთავს მისი საჯაროდ გავრცელების ან სხვისთვის ზიანის მიყენების მიზნით. პირის დასჯა უკვე საჯაროდ გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და გავრცელებისათვის წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებს.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანი შინაარსისაა, რადგან იგი საკმარისად არ ავიწროებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებს. კერძოდ, გასაჩივრებულ რეგულაციებში არსებული ტერმინები - „მოპოვება“, „შენახვა“, „გავრცელება“ მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელმისაწვდომია საჯარო სივრცეში. საკითხის ამგვარი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში პირი ვალდებულია, ერთმანეთისგან გაარჩიოს ინტერნეტში არსებული რა სახის ინფორმაციაა კანონიერად გავრცელებული და რა უკანონოდ. ამასთან, სადავო რეგულაციები იძლევა შესაძლებლობას, „გავრცელებად“ დაკვალიფიცირდეს იმგვარი შემთხვევები, როდესაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გავრცელება ხდება არა საჯაროდ, პირისთვის ზიანის მიყენების მიზნით, არამედ დახურული სახის პირადი შეტყობინების („ჩატის“) მეშვეობით.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებს, მათი ბუნდოვანი, განუჭვრეტელი შინაარსის გამო, გააჩნია მსუსხავი ეფექტი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირმა მოიპოვა საჯაროდ გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლო ინტერნეტის მეშვეობით, სადავო ნორმები სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს ამ პირის მობილური ტელეფონი, სოციალური ქსელის ანგარიშები და გაეცნოს ამ ან სხვა პირის კანონიერად არსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, რაც ასევე წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სფეროს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციები ვერ აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობის კრიტერიუმს, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
13. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისი თქმით, არსებობს ალბათობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადავო ნორმის საფუძველზე, მის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთ შემთხვევაში, მას სასჯელის სახედ შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა, რაც მისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე, სხვა ნორმასთან ერთად, ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, ასევე 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. მისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ინტერნეტში უკვე გავრცელებული მასალის/ინფორმაციის „ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით მეგობრებისთვის პირადი მიმოწერის მეშვეობით გაგზავნას მიიჩნევს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფად და რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“. სადავო ნორმა, ერთი შეხედვით, ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებისთვის ზოგადად, მათ შორის, „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით. თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6).
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“. აღნიშნული ნორმის დისპოზიცია მიუთითებს, რომ მისი დაცვის საგანს წარმოადგენს ამა თუ იმ ხერხით უკვე გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლო, ხოლო მის მიზანს – ამგვარი (უკვე გავრცელებული) პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენების ან/და გავრცელების პრევენცია. ამასთან, დასახელებული რეგულაციით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის ხერხი. კერძოდ, პირის მიერ განხორციელებული ქმედება აღნიშნული ნორმით დაკვალიფიცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება მოხდა ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად აცხადებს ზოგადად პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ ხერხით უკვე გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ნაწარმოების შემდგომ უკანონო გავრცელებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის შემთხვევაში სახეზეა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სპეციალური შემადგენლობა.
6. განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება უკვე გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემდგომ გავრცელებას „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით. „ფეისბუქი“ წარმოადგენს სოციალურ ქსელს, რომლის მომხმარებლებიც პირადი სახის ელექტრონულ მიმოწერას ახორციელებენ სპეციალური აპლიკაციის – „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება სოციალური ქსელის აპლიკაციის – „ფეისბუქ მესენჯერის“ მეშვეობით დასჯადია არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილით, არამედ ამავე მუხლის მე-2 ნაწილით.
7. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური ნორმატიული შინაარსი. შესაბამისად, №1410 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, ასევე 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელე ასევე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი „... ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში. იგი ემყარება საყოველთაოდ ცნობილ პრინციპებს – „არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“ და „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“. ... კანონიერების პრინციპი პირს იცავს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი იძულების თვითნებური გამოყენებისა და გავრცელებისაგან, ამავდროულად, უზრუნველყოფს შესაძლებლობით, რომ წინასწარ განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში სისხლისსამართლებრივი წესით აკრძალული ნიშნების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). „აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ითვალისწინებს ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, კერძოდ, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობით და აღნიშნული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ რეგულირების ადრესატს შეეძლოს, გაითვალისწინოს თავისი ქმედების სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/6/1292 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
10. ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმისთვის, რათა ნათელი იყოს მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას შორის, აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს შესაბამისი არგუმენტაცია გასაჩივრებული რეგულაციის განუჭვრეტელ ბუნებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ბუნდოვანი შინაარსისაა, რადგან იგი საკმარისად არ ავიწროებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებს. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციის არსებული ფორმულირება იძლევა მისი იმგვარად წაკითხვის შესაძლებლობას, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებად დაკვალიფიცირდეს, მათ შორის, ისეთი შემთხვევა, როდესაც პირმა პირადი სახის ელექტრონული შეტყობინების - „ფეისბუქ მესენჯერის“ მეშვეობით გაავრცელა ისეთი პირადი ცხოვრების საიდუმლო, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საჯარო სივრცეში.
11. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს, მისი რეგულირების ფარგლებს. გასაჩივრებული რეგულაციის თანახმად, დასჯადია „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით“. სადავო ნორმის დისპოზიცია მიუთითებს, რომ მისი რეგულირების ქვეშ ექცევა სწორედ ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა უკვე გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემდგომი გავრცელება, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით. მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ დასჯად ქმედებას არ უნდა წარმოადგენდეს ისეთი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ელექტრონული მიმოწერის გზით გავრცელება, რომელიც უკვე საჯაროდაა ხელმისაწვდომი, მიემართება არა სადავო ნორმის ბუნდოვანების პრობლემას, არამედ მის მიერ რეგულირებული, აკრძალული ქმედების ფარგლებს. ამასთან, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელებას ამ ნორმის რეგულირების მიღმა მოაქცევდა.
12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1410 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
13. მოსარჩელე ასევე ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება შეეხება კანონის დროში მოქმედების საკითხს.
15. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან წინააღმდეგობის თაობაზე.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1410 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. მოსარჩელე ასევე ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები – „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
18. ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილი, სანქციის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შერჩევისას კანონმდებლის მიხედულების ფარგლები ფართოა, იგი ამ სფეროში არ სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით. სასამართლო არ გამორიცხავს იმას, რომ სანქცია სამართალდარღვევად შერაცხული ქმედებისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება იქცეს გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის წყაროდ. ამ სფეროში კანონმდებლის ფართო მიხედულების ფარგლებიდან გამომდინარე, სანქციის ზომა საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გახდეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის №2/6/1367 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან [ადმინისტრაციული სახდელის] მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი, II-8).
19. ზემოთქმულის გათვალისწინებით, „აშკარაა, რომ ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს არა მხოლოდ ქმედების აკრძალვით უფლების შეზღუდვის ფაქტი, არამედ ასევე უნდა დაასაბუთოს სანქციის აშკარად არაპროპორციული ხასიათი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის №2/6/1367 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). მოსარჩელის თქმით, სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებად დაკვალიფიცირდეს, მათ შორის, ისეთი შემთხვევა, როდესაც პირმა პირადი სახის ელექტრონული შეტყობინების „ფეისბუქ მესენჯერის“ მეშვეობით გაავრცელა ისეთი პირადი ცხოვრების საიდუმლო, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საჯარო სივრცეში. მოსარჩელის პოზიციით, აკრძალვას არ უნდა ექვემდებარებოდეს ისეთი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება, რომელიც უკვე მოიპოვება საჯარო სივრცეში და რომლის გავრცელებისას პირს არ ამოძრავებს ანგარების მოტივი. ხსენებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია არა აკრძალული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქცია (მისი სახე, მოცულობა ან/და სხვა ფაქტორი), არამედ თავად აკრძალვის შინაარსი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარკვეული სახის ქმედებები არ უნდა კვალიფიცირდებოდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელებად. შესაბამისად, მისი პრობლემა უკავშირდება სადავო ნორმის დისპოზიციით განსაზღვრული აკრძალული ქმედების შემადგენლობას. იმავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიმართული იქნებოდა სადავო ნორმით დაწესებული სასჯელის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1410 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების – „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1410 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების – „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით“ აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
22. №1410 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას.
23. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ იგი მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-15). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, ის თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
25. №1410 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით, არსებობს ალბათობა, რომ საერთო სასამართლომ, სადავო ნორმის საფუძველზე, მის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთ შემთხვევაში, მას სასჯელის სახედ შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გატარებული დროით დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ... არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა, მათ შორის, დანიშნული სასჯელის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1410 კონსტიტუციური სარჩელი („ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების – „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით“ კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1410 კონსტიტუციური სარჩელი („ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, ასევე 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების – „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი