საერთაშორისო ურთიერთობები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის მიწვევით ვარშავაში იმყოფებოდა.
ზაზა თავაძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს შორის გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის, პოლონეთის პრემიერ მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. დისკუსია, რომელსაც მოდერაციას ცნობილი ჟურნალისტი და მიმომხილველი ბრონისლავ ვილდშტაინი უწევდა, დაეთმო საკონსტიტუციო სასამართლოების როლს თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში.
დისკუსიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძესა და პოლონეთის პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შორის. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და ქართულ მართლმსაჯულებაზე. ასევე, გაიმართა პირისპირ შეხვედრა „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს შორის.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კარდინალ შტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო წლის გახნის ცერემონიაში. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ზაზა თავაძემ მოინახულა სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
დღის ბოლოს კი დაესწრო ოფიციალურ ვახშამს, რომელიც პოლონეთის პრემიერ მინისტრის მატეუშ მორავიეცკის სახელით გაიმართა.