სიახლეები

ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა ააიპ „ფრემას“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №734)  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები.

მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, გარკვეულ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა პირის ქონებას და 48 საათის განმავლობაში, ყადაღის დადების დასადასტურებლად მიმართოს სასამართლოს. სადავო ნორმა განსაზღვრავს სასამართლოს შესაძლებლობას, ყადაღის დადების დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ იმ პირს, ვის ქონებასაც ედებოდა ყადაღა, არ ქონდა შესაძლებლობა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და წარედგინა საკუთარი მოსაზრებები აღნიშნული ღონისძიების გამოყენების მართლზომიერების შესახებ. მოსარჩელე სწორედ ამ გარემოების გამო მიიჩნევდა მას არაკონსტიტუციურად.  

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთ ხსენებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, მოსამართლისაგან მოითხოვს ყადაღის დადებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას. ფაქტების გამოკვლევის საჭიროება კი განაპირობებს პირის მომეტებულ ინტერესს ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და ამ ფორმით მისი პოზიციის სასამართლოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ხსენებული შეზღუდვა არ არის გამართლებული სწრაფი მართლმსაჯულებისა და სასამართლოს გადატვირთულობის დაცვის მიზნებით. შესაბამისად, არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმა.

მოსარჩელე ასევე მოითხოვდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებასთან მიმართებით.

სადავო ნორმა ადგენდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებისას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაადოს გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა ემსახურება სავარაუდო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას. თუმცა, ამავე დროს, იგი არ ითვალისწინებს ამ ღონისძიების მხოლოდ დავალიანების სავარაუდო მოცულობის ფარგლებში გამოყენებას. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლოა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედოს იმაზე მეტი მოცულობის ქონებას, ვიდრე საჭიროა პოტენციური საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი წესი უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად მიჩნია და არაკონსტიტუციურად სცნო იგი.