სიახლეები
არსებითი განხილვა საქმეზე „დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ (№1585 და №1590 კონსტიტუციური სარჩელები)
2023 წლის 10 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ (№1585 და №1590 კონსტიტუციური სარჩელები).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე მიღებულ იქნა რეგულირება, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით შემოწმებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებული იქნება სამსახურიდან დათხოვნა.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“, „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე, ისე რომ, არ განუსაზღვრავს დელეგირების მიზნები, ჩარჩო და ფარგლები. საკანონმდებლო ორგანომ მოახდინა უფლებამოსილების სრული და შეუზღუდავი დელეგირება, რის შედეგადაც კანონქვემდებარე აქტებით განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: ა) №1585 კონსტიტუციურ სარჩელზე: პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“, „ი“ ქვეპუნქტების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) №1590 კონსტიტუციურ სარჩელზე: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით“, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-8 თავის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.