სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი ბარელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2023 წლის 7 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი ბარელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1740 კონსტიტუციური სარჩელი).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა არეგულირებს პირის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების, ასევე დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილების გაუქმების შესახებ მიღებული აქტის გასაჩივრების საკითხს და განსაზღვრავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩართულობის გარეშე, საგამოძიებო პროცესის წარმართვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საგამოძიებო პროცესის ლეგიტიმურობის საკითხს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირის მიერ დაზარალებულის სტატუსით გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა რიგი სამართლებრივი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული, სადავო ნორმა კი ხელყოფს პოტენციური დაზარალებულის უფლებას, პროცესუალური სტატუსის მოპოვების მიზნით, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.