სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი, გიორგი ფუტკარაძე და დავით ჯაოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“

2024 წლის 22 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი, გიორგი ფუტკარაძე და დავით ჯაოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1666 და №1769).

განსახილველ საქმეზე,სადავო ნორმები განსაზღვრავს, ერთი მხრივ, ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პერსონიფიცირებული სახით შენახვის ვადებს, მეორე მხრივ კი, ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთა აღრიცხვის მონაცემების დაარქივებული სახით, უვადოდ, შენახვის უფლებამოსილებას.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადები იწვევს მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას იმაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ამას მოითხოვს სამართალდარღვევასთან/დანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლის ინტერესი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის/დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შენახვის წესი უნდა განისაზღვროს არა ზოგადი ფორმით, არამედ ქმედების ხასიათის, სიმძიმისა და სოციალური საშიშროების მხედველობაში მიღებით, რასაც სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფენ. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის/დანაშაულის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფოს მიერ ფლობა, ამ მონაცემების სუბიექტს უქმნის განწყობას, რომ, მიუხედავად ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისგების ფაქტისა, იგი რჩება სახელმწიფოს წინაშე მუდმივად სამართალდამრღვევად, რაც იწვევს პირის სტიგმატიზებას და არღვევს მის უფლებას, ისარგებლოს რეაბილიტაციის უფლებით უსაფუძვლო დიფერენცირებისგან თავისუფალ გარემოში. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) №1666 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ბ) №1769 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებით დამტკიცებული დანართის „სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადები“ მე-8 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ხოლო დაარქივება - უვადოდ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.