სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1753)

2024 წლის 14 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1753).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა კრძალავს არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსებას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არასათანადოდ მიიჩნევს მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო პერიოდს მიღმა პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მისი გავრცელებისთვის.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საკანონმდებლო მოწესრიგება ემსახურება საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში მომეტებული ფინანსური გავლენების განეიტრალების ლეგიტიმურ მიზანს. თავის მხრივ, ეს მიზანი რელევანტურობას კარგავს არაწინასაარჩევნო პერიოდში, რადგან კანონი საფრთხის სიმცირიდან გამომდინარე „პოლიტიკური რეკლამის“ ცნებას არ განავრცობს არაწინასაარჩევნო პერიოდზე. ამასთან, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის არაწინასაარჩევნო პერიოდზე განვრცობის შემთხვევაშიც კი შეზღუდვა იმდენად ფართოა, რომ არ აკმაყოფილებს პროპორციულობის კონსტიტუციურ სტანდარტს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი წესი გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

იმავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო ნორმატიული შინაარსით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეესაბამება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გაშუქების აკრძალვას, ხოლო გასაჩივრებულ რეგულაციიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშუქების აკრძალვის ამოკითხვა, ნორმის ფართო და განუჭვრეტელი ინტერპრეტაციის შედეგია, რაც არ არის შეთავსებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნასთან გამოხატვის თავისუფლების მხოლოდ კანონის საფუძველზე შეზღუდვასთან დაკავშირებით.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.