სიახლეები

ა(ი)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლომ 2016 წლის 14 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო ა(ი)იპ „მწვანე ალტერნატივას“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N752). მოსარჩელე ითხოვს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაცია, წიაღისა და წიაღისეულის შესახებ, მიეკუთვნება გარემოს მდგომარეობის შესახებ საჯარო ინფორმაციას. მოსარჩელე მხარეს პრობლემურად მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, მისი მესაკუთრის თანხმობის დაწესება, ლახავს გარემოს მდგომარეობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცნობის უფლებას. ამასთან, სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაცია არ გადის კომერციულად მიჩნევის პროცედურებს, რის გარეშეც ერთმნიშვნელოვნად იზღუდება, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.