სიახლეები
გამოქვეყნდა ქართველი და გერმანელი მკვლევარების ერთობლივი კრებული: “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები“
გამოქვეყნდა ქართველი და გერმანელი მკვლევარების ერთობლივი კრებული ინგლისურ ენაზე: “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები“, რომელიც საზაფხულო სკოლის - "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები” - გამოყენებულ მასალას ეფუძნება. ღონისძიება 2019 წლის 4-10 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვიურცბურგის უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
ლექციებს უძღვებოდნენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდენ ქართველი სტუდენტები და საჯარო მოხელეები, ასევე გერმანელი სტუდენტები ვიურცბურგისა და იენას უნივერსიტეტებიდან.
კრებულში წარმოდგენილია საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მეცნიერებისა და პრაქტიკოსი იურისტების მიერ წაკითხულ ლექციათა ამსახველი მასალა, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, ევროპის კავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემას, პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვის უფლების ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობას ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი პრაქტიკის განხილვას და სხვა.
საზაფხულო სკოლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.