სიახლეები

გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2024 წლის 4 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1532 კონსტიტუციური სარჩელი).

მოსარჩელე სადავოდ ხდის„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელეს ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ფლობს უმაღლეს იურიდიულ განათლებას და 5 წელზე მეტი ხნით აქვს ნამუშევარი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს კოორდინატორის (იურისტის) პოზიციაზე. 2018 წელს მას უარი ეთქვა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობით დადგენილი სამი ალტერნატიული წინაპირობიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებდა, მათ შორის, ვერც საჯარო სამსახურში მუშაობის 5 წლიანი სტაჟის შესახებ მოთხოვნას.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან პირთა კატეგორია, რომელთაც ხუთწლიანი სტაჟის შესახებ მოთხოვნა შეასრულეს სსიპ-ში მუშაობისას, რომელიც, თავისი არსით, ახორციელებდა საჯარო ფუნქციებს, ვალდებულნი არიან გაიარონ სტაჟირება ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ხოლო პირები, რომელთაც შესაბამისი სტაჟი დააგროვეს სხვა საჯარო სამსახურში, თავისუფლდებიან ამ მოთხოვნისგან.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება საჯარო მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად და უმრავლეს შემთხვევებში მისი დაფინანსების არსებით წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. სწორედ ამ ორგანიზაციული ბუნების, მიზნებისა და სამართლებრივი ფორმის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ ხდება სადავო ნორმის მიერ ამ ორ პირთა კატეგორიის დიფერენცირება.

ამდენად, მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.