სიახლეები

„ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ“

 

2023 წლის 4 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ“ (№1714 კონსტიტუციური სარჩელი). 

მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი საქართველოს, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების ის ნორმა, რომელიც ეროვნული მუზეუმის დირექტორატს აღჭურავს უფლებამოსილებით, მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნით დაინტერესებულ პირთა და გაერთიანების თანამშრომელთა დაშვებასთან დაკავშირებით. 

კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, არც გასაჩივრებული ბრძანება და არც დირექტორატის 2021 წლის 12 მარტისთვის მოქმედი დებულება არ ითვალისწინებს რაიმე კრიტერიუმს, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს დირექტორატის მიერ სამუზეუმო ფონდში დაინტერესებული პირის ან თანამშრომლის კვლევის მიზნებისთვის დაშვება. შესაბამისად,  კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე განსაზღვრულ წესს. რის მიხედვითაც უნდა მოხდეს, ერთ შემთხვევაში, დადებითი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება. 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნას, რომ კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის განკუთვნილ დისკრეციულ უფლებამოსილებას, უნდა ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებამოსილებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია

დავის საგანი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.