სიახლეები

ზაზა თავაძე და გიორგი კვერენჩხილაძე მოლდოვაში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს წევრი გიორგი კვერენჩხილაძე მოლდოვაში გაემგზავრნენ, ისინი კიშინიოვში ესწრებიან  საერთაშორისო კონფერენციას “კონსტიტუციური კონტროლის ევოლუცია ევროპაში: მიღებული  გამოცდილება და ახალი გამოწვევები“. შეხვედრაზე ზაზა თავაძემ  ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის არსებულ  ინსტიტუციურ დიალოგზე. კერძოდ კი იმ საქმეებზე, რომლებშიც საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ  მოხდა სტრასბურგის პრაქტიკაზე მითითება და პირიქით. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. სტრასბურგის სასამართლო  წარმოადგენს  ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან  გარანტს რეგიონში და ის არის  ძირითადი  ევროპული ღირებულებების სიმბოლო“ - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

კონფერენციას ესწრებიან ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.