სიახლეები

ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის ფიცის დადების ცერემონიალი

2016 წლის 2 ოქტომბერს 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ახლად განმწესებული მოსამართლეების ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის ფიცის დადების ცერემონიალი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე დებს ფიცს. ფიცის დადების ცერემონიაზე მოწვეული უნდა იქნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 

შესაბამისად, დღევანდელ ცერემონიალზე მოწვეული არიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

ირინა იმერლიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განმწესებამდე. იკავებდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას. 2012 – 2013წწ. იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2000-2003 წწ გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

გიორგი კვერენჩხილაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას. 2004-2007 წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის უფროსი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; გიორგი კვერენჩხილაძე გახლავთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის სრული პროფესორი.

თეიმურაზი ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს წევრად განმწესებამდე, 2006 წლიდან - დღემდე მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2014 წლიდან იკავებდა ამავე სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. თეიმურაზ ტუღუში სხვადასხვა წლებში გახლდათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში, ასევე ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა თბილისის საგადასახადო ინსპექციისა  და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 10 სექტემბერს დანიშნა. თეიმურაზ ტუღუში კი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2016 წლის 20 სექტემბერს აირჩია.