სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით

ძვირფასო თანამოქალაქენო, ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს.

26 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელმაც საქართველოს განვითარება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას დაუკავშირა. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კონსტიტუციის შემუშავება და მიღება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ძირითადი კანონის მიღებით საქართველოში საერთო ეროვნული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ მტკიცე ნაბიჯი გადაიდგა.

ჩვენი მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რაც უდავოდ გამორჩეული მოვლენაა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ის იდეოლოგიური საწყისები, რაც უკავშირდება თავისუფლებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრებას, სწორედ 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს, რომელიც, ამასთანავე, წარმოადგენს შთაგონების წყაროს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე.

საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუცია აგრძელებს 1918-1921 წლების პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებს და საქართველოს განვითარების ორიენტირს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების ჩარჩოში განსაზღვრავს.

1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია რამდენჯერმე გადაისინჯა. არსებითად შეიცვალა სახელმწიფო ხელისუფლების მართვა-გამგეობის მოდელი, საარჩევნო სისტემა, ასევე, ახლებურად ჩამოყალიბდა და დაიხვეწა კონსტიტუციური დებულებები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. ძირითადი კანონის მიღებიდან 26 წლის შემდეგ, ჩვენი კონსტიტუცია ნათლად წარმოაჩენს საქართველოში დემოკრატიული ცნობიერების შეუქცევადი ზრდის, სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ხარისხს.

საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ გარანტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა და უფლებამოსილების განხორციელება 1996 წელს, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მიღების შემდეგ დაიწყო. 2021 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოქმედებიდან 25 წელი გავიდა. დროის ამ მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლომ ინსტიტუციური განვითარების დიდი გზა განვლო. უკანასკნელ წლებში არსებითად დაიხვეწა სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობისა და ხელმისაწვდომობის ხარისხი, გაზრდილი მომართვიანობის ფონზე, გაუმჯობესდა სამართალწარმოების როგორც პროცედურული წესები, ასევე საქმის წარმოების ტექნიკური ადმინისტრირება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელმაც ღირებული წვლილი შეიტანა საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარების, კონსტიტუციის უზენაესობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში და, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინდივიდის უფლებრივი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში.

დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება თამამად ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტურ მექანიზმად, იგი წარმოადგენს კონსტიტუციური მართლწესრიგისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ სახელმწიფო ორგანოს.

საქართველოს კონსტიტუცია, მის მიერ დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა სუვერენულ ნებას და, ამავდროულად, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მსაზღვრელს. კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციის პროცესში თითოეული ინდივიდის როლი მნიშვნელოვანია. მჯერა, საქართველოს განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებების შუქზე.

ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს!

მერაბ ტურავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ბათუმი, 2021 წლის 24 აგვისტო