სიახლეები

„ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1735)

2023 წლის 30 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1735).

კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომლის მიხედვით, კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელს არ უშლის/საფრთხეს არ უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის მიმდინარეობას.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულობის სტანდარტებს. ამასთანავე, სასამართლოს „უპატივცემულობა“ წარმოადგენს ფართო ცნებას, რომლითაც კრიმინალიზებულია სასამართლოსადმი „უპატივცემულო“ ქცევის კონკრეტული ფორმა - შეურაცხყოფა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ უპატივცემულობად შესაძლოა აღიქმებოდეს, მათ შორის, სასამართლო დარბაზში შეუსაბამო ტანისამოსით გამოცხადება, ელექტრომოწყობილობების გამოყენება, სხდომის მიმდინარეობისას ხმაური, ემოციების განმჟღავნება, ტაშის დაკვრა და ა. შ., თუმცა ამგვარი ქმედებები არ წარმოადგენს სისხლის სამართლის ობიექტს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით კრიმინალიზებულია „უპატივცემულო“ ქმედებების ნუსხიდან კონკრეტული ფორმა - „შეურაცხყოფა“. შესაბამისად, განუჭვრეტელია, თუ კონკრეტულად რა ტიპის ქმედება მოიაზრება „შეურაცხყოფის“ ქვეშ. მოსარჩელის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქმედების შეურაცხყოფად აღქმა სუბიექტური გარემოებაა, არ არსებობს საფუძველი, რომლის მიხედვით, პირს შეუძლია იხელმძღვანელოს კონკრეტული ქმედების განხორციელებამდე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამორიცხული არ არის პროკურატურის მიერ ნორმის იმგვარი განმარტების შესაძლებლობა, რომლის თანახმად, ზემოხსენებული ქმედებები (ტაშის დაკვრა და ა. შ.), მათ შორის, პროცესის მონაწილის შეფასება ისეთი სიტყვებით, როგორიცაა „არაკომპეტენტური“ და „უცოდინარი“, დაკვალიფიცირდეს შეურაცხყოფად.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ავტორიტეტისა და მართლმსაჯულების პროცესის დასაცავად, სასამართლო სხდომათა დარბაზში ან/და სასამართლოს შენობაში, სასამართლოსადმი უპატივცემულო (მათ შორის, შეურაცხმყოფელი) გამოხატვის შეზღუდვა, ზოგადი თვალსაზრისით, აუცილებელია, თუმცა ქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრების მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს. იგი მიუთითებს, რომ ქმედება, მისგან მომდინარე საფრთხეების ინტენსივობისა და პოტენციურად დაზარალებული სამართლებრივი სიკეთეების გათვალისწინებით, არ არის ისეთი ბუნების, რომელიც საჭიროებს პირის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ამგვარ ჩარევას. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი) და მათში ინკორპორირებული ბერკეტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ხასიათს ატარებს, უმრავლეს შემთხვევაში, საკმარისია არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს სასამართლოს ავტორიტეტისა და მართლმსაჯულების პროცესის ეფექტიანი მიმდინარეობის დაცვა წარმოადგენს, ზემოაღნიშნული ბერკეტების საფუძველზე, მოსამართლეს შეუძლია მყისიერად განმუხტოს სიტუაცია, განარიდოს წესრიგის დამრღვევი (სანქციის სახით შეუფარდოს, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე ვადით, განმეორებით შემთხვევაში კი - 60 დღემდე ვადით) და ამით უზრუნველყოს ლეგიტიმური მიზნის დაცვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმასთან დაკავშირებით არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ცხადყოფს, რომ საკუთრივ, მოსამართლეების მიერ უფრო ეფექტიანად გამოყენებადი საშუალებები სწორედ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტებია.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.