სიახლეები

ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2023 წლის 8 და 9 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე - „ლენა სვანაძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1494 კონსტიტუციური სარჩელი).

მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის თანახმად, „სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის“.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი ნოტარიუსის უმოქმედობის შედეგად. კერძოდ, ნოტარიუსი უარს აცხადებს სამკვიდროს გახსნაზე, რის საფუძველზე, მოსარჩელე სრულყოფილად ვერ ეუფლება სამკვიდრო ქონებას. სადავო ნორმა გამორიცხავს სახელმწიფო პასუხისმგებლობას აანაზღაუროს ნოტარიუსის მიერ, მისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანი. აღნიშნულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე.

მოსარჩელის მითითებით, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, ხოლო ნოტარიუსი არის კერძო პირი, რომელსაც დელეგირებული აქვს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება. ნოტარიუსი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებისთვის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მიყენებულ ზიანზე უნდა ვრცელდებოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო პასუხისმგებლობის წესი. შესაბამისად, ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანის შემთხვევებზე მოპასუხეს სამართალწარმოების პროცესში უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.