სიახლეები
მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობა დაასრულა
4 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მაია კოპალეიშვილი 2009 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2009 წლის 5 დეკემბრიდან, ფიცის დადების დღიდან. მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე ასეული საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, ლექციებისა თუ იმიტირებული სასამართლოს პროცესების გამართვის მიმართულებით.
გარდა სამოსამართლოო საქმიანობისა, მაია კოპალეიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროფესორია. ის არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი.