სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1444 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2023 წლის 22 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1444 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სადავო რეგულირება გამომძიებელს/პროკურორს ანიჭებდა უფლებამოსილებას, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისათვის შეეზღუდა ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებები.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებდა ის გარემოება, რომ გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილება ბრალდებულისათვის აღნიშნული უფლებების შეზღუდვის თაობაზე არ იყო შემოსაზღვრული ხელშესახები კრიტერიუმებით, რაც წარმოშობდა გამომძიებლის/პროკურორის მხრიდან შეცდომის დაშვების ან დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების რისკებს. შედეგად, ირღვეოდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა ემსახურებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოძიების ინტერესების დაცვა. ამავდროულად, მოპასუხე მხარის პოზიციით, მიუხედავად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების არსებობისა, შესაბამისი სახელმძღვანელო კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, სადავო ნორმები გამომძიებელს/პროკურორს ანიჭებდა პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის გაუმართლებლად ფართო დისკრეციას, რითაც აჩენდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში დაუსაბუთებელი და არაგონივრულად ხანგრძლივი დროით ჩარევის რისკებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ სრულად ცნო №1444 კონსტიტუციური სარჩელი.
სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისათვის, ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა და სატელეფონო საუბარი, პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით, წარმოადგენს კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს მექანიზმებს. შესაბამისად, ამ უფლებების შეზღუდვის მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ არ აჩენდეს გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს მხრიდან ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს.
მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არც სადავო ნორმები და არც პატიმრობის კოდექსის სხვა დებულებები, ისევე როგორც მომიჯნავე კანონმდებლობა, არ ითვალისწინებდა გამომძიებლის/პროკურორის დისკრეციის შემზღუდველ რაიმე მექანიზმს ანდა სახელმძღვანელო კრიტერიუმებს ამ უკანასკნელის მიერ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მოქმედი კანონმდებლობა აგრეთვე არ ითვალისწინებდა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის სავალდებულო პერიოდული გადასინჯვის მექანიზმს, ისევე როგორც, გამომძიებელს/პროკურორს არ ავალდებულებდა შემზღუდველი ღონისძიების გაუქმებას მომავალში მათი გამოყენების საჭიროების შემცირების ან არარსებობის შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ არსებული მოწესრიგება ვერ აზღვევდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს და წარმოქმნიდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების მომეტებული შეზღუდვის რეალურ საფრთხეს, კერძოდ, უშვებდა მისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას მაშინაც კი, როდესაც შეზღუდვით მიღწევადი მიზნები და პრევენცირებადი საფრთხეები ვერ გადაწონიდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების განვითარების, საზოგადოებისაგან მისი სრული იზოლაციის/გარიყვის აკრძალვის ინტერესს. აღნიშნულის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტით დაცულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას და არაკონსტიტუციურად ცნო ისინი.