სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე მოხსენებით წარსდგა
2023 წლის 25 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულების მიწვევით, ჰაიდელბერგში გამართულ საჯარო ლექციაზე იურიდიული საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მოხსენების თემას წარმოადგენდა: „საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - კონსტიტუციური სამართალი, კონსტიტუციური იურისდიქცია, რეფორმის საჭიროება“.
მოხსენების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებები; ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკვანძო ეტაპები; ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთვის; ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოსთვის განსაზღვრული ე.წ. „12 პრიორიტეტის“ შესრულების მნიშვნელობა და გამოწვევები. ამასთან, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის პრეზენტაციამ, რომელიც განსაზღვრავს კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მოხსენების ფარგლებში ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონსტიტუციური კონტროლის საკითხებზე; კერძოდ, განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური მოწყობის, უფლებამოსილებებისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალური პრაქტიკის საკითხები.
მოხსენების შემდეგ გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის სხვადასხვა მიმართულების პროფესორები, სტუდენტები, სხვა აკადემიური პერსონალი და დაინტერესებული პირები.