სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გულწრფელად ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, პირადად ელჩ კელი დეგნანსა და სრულიად ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს.

ამერიკელი ერის ისტორია საწყისი მომენტიდანვე შთაგონების წყაროა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ესწრაფვის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოს აშენებას სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაყრდნობით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელია ამერიკელი ხალხის რწმენა კონსტიტუციის უზენაესობისა და სასამართლო კონტროლის იდეისადმი.

ამერიკის შეერთებული შტატები არსებითი მნიშვნელობის მხარდაჭერას უწევს საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე. ვიმედოვნებთ, რომ არსებული მყარი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება.