სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციურ სარჩელებს
2021 წლის 10 და 11 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1565, №1568, №1569).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, გაიმართება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.
განსახილველ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ, №119-IVმს-Xმპ და №150-IVმს-Xმპ დადგენილებების კონსტიტუციურობა. აღნიშნული დადგენილებებით, საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი ითხოვდნენ პირადი განცხადების საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის წევრი პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტი ვალდებულია, აღნიშნულ პირს შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ფორმალური პროცედურით თუ დაადგენს, რომ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება განცხადების ავტორის ნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავოდ გამხდარი დადგენილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
დავის საგანი:
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ დადგენილების, „თამარ კორძაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №119-IVმს-Xმპ დადგენილებისა და „ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №150-IVმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა.