სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლო დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 13 მარტიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დიდი ნაწილისთვის მუშაობის დისტანციურ განაწესს, ხოლო ადგილზე მომუშავე თანამშრომლების განთავსებას ცალ-ცალკე, იზოლირებულ ოთახებში.
დისტანციური სამუშაო რეჟიმი არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იმ თანამშრომლებზე, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მატერიალურად შემოსული დოკუმენტების ჩაბარებას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთათვის სასამართლოსთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული სამართალწარმოების სისტემის მეშვეობით, რომელიც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოში ელექტრონულად გამოგზავნონ საქმის მასალები, აგრეთვე ჩაიბარონ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათთვის გაგზავნილი სხვადასხვა დოკუმენტები.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: const@constcourt.ge ან/და სატელეფონო ნომერზე: 0 422 276646.