სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1675 კონსტიტუციური სარჩელი
2023 წლის 25 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1675 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმების თანახმად, სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდია ჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ფაქტის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო წყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, პენსიისა და კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერების დღიდან.
მოსარჩელე მხარის მითითებით, პირს საპენსიო ასაკის მიღწევისას ან კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისას სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებით უჩნდებოდა კონსტიტუციით დაცული ლეგიტიმური მოლოდინი, ხოლო, სადავო ნორმებით, ამგვარი მოლოდინის საპირისპიროდ, ხდებოდა ფინანსური სარგებლის მიღების უფლების შეჩერება ან შეწყვეტა. მოსარჩელის განმარტებით, თავისუფლებააღკვეთილი პირები იმყოფებოდნენ განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში და სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღების გარდა, მათ არ გააჩნდათ სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების რაიმე სხვა ალტერნატიული საშუალება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმებით გაუმართლებლად იზღუდებოდა საკუთრების უფლება.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ არის აბსოლუტური და ამ საკითხთა რეგულირებასთან მიმართებით სახელმწიფოს აქვს მიხედულების ფართო ფარგლები. მოპასუხის პოზიციით, სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ ფორმალურად ჩერდებოდა ან წყდებოდა, რადგან სახელმწიფო ვალდებულია, დააკმაყოფილოს პატიმრობაში მყოფი პირების ყველა აუცილებელი პირველადი საჭიროება და ამისთვის გაიღოს შესაბამისი ფინანსური რესურსი.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს, მათ შორის, კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი ეკონომიკური სარგებლის (ამ შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის) მიღების ლეგიტიმურ მოლოდინს. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით, სახელმწიფოს არ აქვს ამ სარგებლის უპირობოდ გაცემის ვალდებულება და მას შეუძლია, დაადგინოს როგორც ეკონომიკური სარგებლის მიღების, ისე შეჩერების ან შეწყვეტის ცალკეული წინაპირობები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, საკუთრების უფლებით დაცულ ლეგიტიმურ მოლოდინს აყალიბებს როგორც ის წინაპირობები, თუ როდის მიიღებს პირი ეკონომიკურ სარგებელს, ისე ამ უფლებით სარგებლობის შეჩერების ან შეწყვეტის კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმთა ერთობლიობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმატიული აქტებით მკაფიოდ და არაორაზროვნად განისაზღვრება, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს პირს პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დაინტერესებული პირისთვის იმთავითვე ცნობილია, რომ ზემოხსენებული ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეჩერდება ან შეწყდება, თუკი წარმოიშობა კანონით გათვალისწინებული საფუძველი, მაგალითად, პირს შეეფარდება წინასწარი პატიმრობა ან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პირთა ჯგუფისთვის თავიდანვე ცნობილია სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების ფარგლები და მათ ვერ ექნებათ ამ უფლებით განსხვავებულად სარგებლობის მოლოდინი.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.