სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის შესახებ

2 ივლისს, ქ. ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა 2020 წელს საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ანგარიშის პრეზენტაცია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყოველწლიურად წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ. დოკუმენტი ვრცლად მიმოიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტატისტიკას, ასევე, საკომუნიკაციო, საგანმანათლებლო და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

ამასთანავე, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მომწესრიგებელი კანონმდებლობის ხარვეზებს შეეხება. ანგარიშისა და კვლევის წარდგენის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის 2020 წელი მნიშვნელოვანი და გამოწვევებით აღსავსე იყო როგორც გადაწყვეტილებებით დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების, ისე - პანდემიის პირობებში კონსტიტუციური კონტროლის ეფექტური განხორციელებისა და მის მიმდინარეობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სასამართლომ უზრუნველყო სასამართლო სხდომების დისტანციური ფორმატით ჩატარება. აღსანიშნავია, რომ დისტანციურად ჩატარებული სხდომები, პირდაპირ ეთერის საშუალებით გადაიცემა საჯაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხის მეშვეობით. დისტანციურად ჩატარებული სხდომები ხელმისაწვდომია, როგორც მათი მიმდინარეობისას, ისე სხდომების დასრულების შემდგომ ნებისმიერი პირისთვის.

2020 წლის პრაქტიკიდან, მათ შორის, აღნიშვნის ღირსია საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები რწმენის თავისუფლების შინაარსთან და ფარგლებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის მოდელთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა სასამართლოს კეთილსინდისიერი და კომპეტენტური მოსამართლეებით დაკომპლექტების მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სათანადო ღირსების, კვალიფიკაციის, კონსტიტუციურ ღირებულებათა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგული მოსამართლეების გარეშე, მარტოოდენ, ფიქციად იქცევა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული კომპლექსური პროცედურებისა და გარანტიების გათვალისწინებით, საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას გადაწყვეტილების მიღება ფარულად და წერილობითი დასაბუთების გარეშე არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არსებული მოდელი უზრუნველყოფდა პარლამენტისათვის მოსამართლეთა სათანადო კანდიდატების წარდგენას.

ამასთანავე, 2020 წლის პრაქტიკიდან აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება პარტიულ სიებში სქესის ნიშნით სავალდებულო კვოტირების საკითხზე და ამ კუთხით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ ნაკისრ პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

გასული წელი მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავდა დაზარალებულის შესაძლებლობას, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების გზით გაცნობოდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღნიშნული ქმედება საფრთხეს არ უქმნიდა გამოძიების ინტერესებს. აღსანიშნავია, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დისკრიმინაციად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დიფერენცირება დაკავების დროის მიხედვით.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა სისხლის სამართლის პროცესში ჩხრეკის ჩატარების საფუძვლებსა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტთან მიმართებით. კერძოდ, სასამართლომ იმსჯელა ჩხრეკის ჩატარების კონსტიტუციურობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც მას მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ედება საფუძვლად. ამასთან, სასამართლომ პირადი ცხოვრების დარღვევად მიიჩნია ჩხრეკის შედეგის განხილვა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული

პროექტის „„სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.