სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი და ვასილ პატარქალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N651)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 20 დეკემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქეების - ვალერიან გელბახიანისა და ვასილ პატარქალიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N651).

მოსარჩელე მხარე ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის 31 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 42-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებთან და 89-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმის მიხედვით, თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება.

მოსარჩელე მხარე, მათ შორის, მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას ძველი და ახალი სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულად ცნობილ პირებს შორის. მოსარჩელე მხარის აზრით, დისკრიმინაციული მოპყრობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ძველი სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებული პირების ბრალდებულად ყოფნის ვადა ფაქტობრივად აღემატებოდა ბრალდებულთა მეორე კატეგორიას, რომელთა მიმართ ბრალდებულად ყოფნის 9 თვიანი ვადა არის განსაზღვრული. სასამართლომ განმარტა, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილებით, რაც საქმის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს წარმოადგენს.

დისკრიმინაციის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კონკრეტულ ნორმებზე და აღნიშნავდა, რომ ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფარგლებში ის ამ ნორმებით გათვალისწინებულ საპროცესო უფლებებს მოკლებული იყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით მოსარჩელეებს რელევანტური დასაბუთება არ წარმოუდგენიათ.

რაც შეეხება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა არ უკავშირდება ქმედების დანაშაულებრიობის ან დასჯადობის გაუქმებას ან სასჯელის შემსუბუქებას, რაც გამორიცხავს სადავო ნორმის კავშირს დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მე-2 თავში, რაც ამ შემთხვევაში გამორიცხავს სასამართლოს კომპეტენციას, იმსჯელოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.