სიახლეები
საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 7 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (სარჩელის რეგისტრაციის N717).
მოსარჩელეები მოითხოვდნენ სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების მომწესრიგებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, ვინაიდან კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას და არ ადგენდა მოსამართლედ განწესებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული რეგულირება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა (საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი).
სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმის განხილვის მიმდინარეობისას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები და სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას გაითვალისწინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი რედაქცია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება მოიცავს მოქალაქის მიერ კონკრეტული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას და, ასევე, ამ თანამდებობაზე მისი თვითნებური არდანიშვნისგან დაცვას. სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც. პირის პროფესიული დანიშვნისას, როდესაც გადაწყვეტილება თანამდებობაზე განწესების შესახებ არ წარმოადგენს პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილს, გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების არარსებობა ქმნის უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების საფრთხეს, მოსამართლეობის კანდიდატს ართმევს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობას, ართულებს და ცალკეულ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი წინაპირობის ცოდნის გარეშე კანდიდატისათვის რთულია შეარჩიოს სათანადო სტრატეგია საკუთარი უფლების დასაცავად. ამასთანავე, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, კანდიდატი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოასწოროს საკუთარი ხარვეზები, რადგან არ იცის, რის გამო ეთქვა უარი მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე და რა უნდა მოიმოქმედოს შემდგომ კონკურსზე წარმატების მისაღწევად.
სასამართლომ განმარტა, რომ კანდიდატების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირის მოსამართლის თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მკაფიო და მაქსიმალურად გადამოწმებადი უნდა იყოს, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე კანდიდატის შეფასების სტანდარტებიც. ნათლად უნდა იყოს ასახული, რა გავლენას ახდენს/უნდა ახდენდეს კანდიდატების შეფასებაზე ობიექტური მახასიათებლები (მაგალითად, კანდიდატის განათლება, აკადემიური თუ პროფესიული გამოცდილება და ა.შ.), შეძლებისდაგვარად მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული სუბიექტური მახასიათებლების შეფასების სისტემაც, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმების (კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა) საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და მართებულობის შემოწმების შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია შეიცავს მოსამართლედ განწესების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მოთხოვნას იმ ხარისხით, რა ხარისხითაც აუცილებელია მიკერძოებული და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების გამოსარიცხად.
გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია) პირდაპირ ადგენს პირის მოსამართლედ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, საჩივრის განმხილველ სასამართლო სტრუქტურას, საჩივრის განხილვის პროცედურას და წესს, ითვალისწინებს გასაჩივრებას მოსარჩელის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას მითითებული საფუძვლებითაც (დისკრიმინაცია, უფლებამოსილების გადამეტება). „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით გამოირიცხა ის პრობლემა, რომელსაც მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, N717 კონსტიტუციურ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების მაია კოპალეიშვილის, ირინე იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.