სიახლეები
საქართველოს მოქალაქეები - სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქეების - სოფიკო ვერძეულის, გურამ იმნაძისა და გიორგი გვიმრაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №872).
მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმები ითვალისწინებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყების საფუძვლებს, მიზნებს, კონტროლის განხორციელების ფარგლებსა და შემოწმების მექანიზმებს.
სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი გულისხმობს პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ შემოწმებასა და დათვალიერებას. შესაბამისად, სადავო ნორმა ქმნის პირის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მართალია ზედაპირულ შემოწმებასა და დათვალიერებას წინ უძღვის პირის შეჩერება, თუმცა, ამ შემთხვევაში, შეზღუდვა მიმართულია პირადი ცხოვრების უფლებისაკენ, ხოლო შეჩერება მის გვერდით ეფექტს წარმოადგენს. ამდენად, დადგენილი რეგულირების კონსტიტუციურობა შემოწმებადია პირადი ცხოვრების და არა თავისუფლების უფლებასთან მიმართებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-18 მუხლთან არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით, მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტს. ამავე დროს მიუთითებდნენ, რომ ისინი პრობლემურად მიჩნევდნენ არა თავად საპოლიციო კონტროლის ინსტიტუტს, არამედ მის განხორციელებასთან დაკავშირებულ რიგ ფაქტორებს. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ საპოლიციო კონტროლის დაწესებაზე უფლებამოსილ პირს აქვს ძალიან დიდი დისკრეციის ფარგლები, კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიისა და ხანგრძლივობის განსაზღვრის თვალსაზრისით. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას ასევე განაპირობებდა მისი ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის აღსაკვეთად ჩატარების შესაძლებლობა და სხვ.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიების ფორმებს. ხოლო ის თუ როდის, რა ინტენსივობით, რომელ დანაშაულზე, დროის რა მონაკვეთში და რომელ ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს საპოლიციო კონტროლი, განსაზღვრულია ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, რომელიც კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით სადავოდ არ იყო გამხდარი მოსარჩელის მიერ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ შეეხებოდა ხსენებულ სადავო ნორმას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი.
განჩინებას თან ახლავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: ა) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.