სიახლეები
საქართველოს მოქალაქე გიორგი სეხნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 21 აპრილს არსებითად განსახილველად არ მიიღო №727 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი სეხნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ედავა გასაჩივრებული რეგულაციის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ მხოლოდ იმ უფლებებთან მიმართებით, რომლებიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. ვინაიდან კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი არაა მოქცეული კონსტიტუციის მეორე თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციური სარჩელი ფორმით არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელემ არ უზრუნველყო აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება არც ზეპირი მოსმენით გამართულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად.
საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას ფორმალური ხარვეზის გასწორების შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.
კონსტიტუციური სარჩელი N727 არსებითად განსახილველად არ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციიის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.