სიახლეები

საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N636)

2016 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგ ნორმებს, რომელიც ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან ქვედა ინსტანციის სასამართლოსთან შედარებით, გამოიყენოს უფრო მკაცრი მუხლი. მოსარჩელე ხსენებული წესის არსებობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა იმ პირობებში, როდესაც აპელაციის ან/და კასაციის პროცედურის დასრულების მომენტისთვის, პირის მიმართ სრულად არის აღსრულებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სისხლისსამართლებრივი სასჯელი. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ხსენებული რეგულაცია ეწინააღმდეგება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ დებულებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა კონსტიტუციით დაცული განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის უფლების ელემენტები და მიუთითა, რომ განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის გარანტია მნიშვნელოვან, იმპერატიულ კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის შეზღუდვა გაუმართლებელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისთვის, რომ პირი მოექცეს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური გარანტიის მოქმედების ფარგლებში, აუცილებელია, მის მიმართ არსებობდეს საბოლოო გადაწყვეტილებით დასრულებული სისხლისსამართლებრივი პროცესი და იმავე ქმედებისთვის მისი დევნა ხორციელდებოდეს განმეორებით, სხვა სისხლისამართალწარმოების ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა იქნეს მიჩნეული მაშინ, როდესაც კანონით დადგენილი მექანიზმები არ იძლევა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვტილებები გასაჩივრების ვადის გასვლამდე არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლო (როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანცია) საქმის განხილვის დაწყების მომენტიდანვე ვალდებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგის მიუხედავად, ჰქონდეს ნეიტრალური დამოკიდებულება მსჯავრდებულთან მიმართებით და არ დაიწყოს საქმის განხილვა პირის ბრალეულობის პრეზუმირებით. შესაბამისად, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა N636 კონსტიტუციური სარჩელი.