სიახლეები
საქართველოს მოქალაქე ერასტი ჯაკობია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქე ერასტი ჯაკობიას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №739).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით დასჯად ქმედებად ითვლება კერძო საუბრის ან კერძო კომუნიკაციის უნებართვო ჩაწერა/მიყურადება, თუმცა, საქმეზე სადავოდ გამხდარი ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი, აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი მოპოვებულ ინფორმაციას წარუდგენს საგამოძიებო ორგანოებს. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა უშვებს კონსტიტუციის დარღვევით მოპოვებული ჩანაწერის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, შესაბამისად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.
სადავო ნორმის შინაარსთან დაკავშირებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია არ იქნა გაზიარებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს აწესრიგებს არა სადავო რეგულაცია, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ადგენს რომელიმე მტკიცებულების გამოყენების დასაშვებობას და არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს.
მოსარჩელე ასევე ასაჩივრებდა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმა, უშვებს კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოების მიერ, პირადი კომუნიკაციის სასამართლოს ნებართვის გარეშე მიყურადების შესაძლებლობას.
აღნიშნულთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირად კომუნიკაციაში ჩარევასთან დაკავშირებულ სტანდარტებს, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოობის საკითხს, აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება). შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია მიმართება მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №739 კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციიის მე-16 მუხლთან მიმართებით.