სიახლეები
„საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2017 წლის 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქის რევაზ ლორთქიფანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის №728). მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹ მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმის თანახმად, კანონიერი ქურდობა წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. მოსარჩელე, რომელსაც ბრალად ედებოდა კანონიერი ქურდობა, მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია, რადგან არაა ნათლად განმარტებული თუ კონკრეტულად რა ქმედება მოიაზრება კანონიერი ქურდობის ცნებაში. მისი განცხადებით, მხოლოდ ამა თუ იმ მსოფლმხედველობის გამო პირის დასჯა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის თავისუფლების უფლებას.
მოსარჩელე ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში არ იყო წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტები, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის გარდაუვალობაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.