სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
2015 წლის 9-12 სექტემბერს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 40 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ვენეციის კომისიის ვიცე- პრეზიდენტებს და წევრებს; ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს.
კონფერენცია 10 სექტემბერს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების შეხვედრით დაიწყება, რომელიც მე-17 კონგრესის მოსამზადებელ საკითხებს მოიცავს. მეორე ნაწილი კი მიეძღვნება საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენება: გამოწვევები დიალოგისთვის“. მონაწილეებს მიესალმებიან და სესიებში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი და სხვები.
სამუშაო სესიების გარდა გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებების პროგრამა, პირველი სამუშაო დღის შემდგომ უცხოელი და ქართველი მონაწილეები ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნას დაესწრებიან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ "ლირას" ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. 11 სექტემბერს კი დელეგაციის წევრები ბოტანიკურ ბაღში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხეებს დარგავენ, რომელსაც შემდგომში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის ხეივანი დაერქმევა. კონფერენცია დასრულდება გალა კონცერტით,ნანი ბრეგვაძის, ნინო ქათამაძის, სოფო ნიჟარაძის, ანსამბლ „ბათუმისა“ და ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის” მონაწილეობით. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ნიკოლოზ რაჭველი და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო კონფერენციას მართავს ევროკავშირის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერას“ დაფინანსებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა 3 წლის ვადით 2014 წელს გადაიბარა. გადაწყვეტილება კენჭისყრის საფუძველზე იქნა მიღებული და მას 40 ქვეყნიდან მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა. 2014-2017 წლებში საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.