სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №1298 და №1313 კონსტიტუციური სარჩელები
2021 წლის 23 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №1298 და №1313 კონსტიტუციური სარჩელები („თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმები აწესრიგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირების საფუძვლებს, უფლებამოსილ სუბიექტებს და უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივ შედეგებს.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მერის თანამდებობიდან გადაყენება უნდა უკავშირდებოდეს მის მიერ მანდატის ბოროტად გამოყენებას, კანონის დარღვევას ან სხვა რაიმე ობიექტურ გარემოებას, ამის საპირისპიროდ კი, სადავო ნორმები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანიჭებს შესაძლებლობას, ობიექტური საფუძვლის არსებობის გარეშე, დაუსაბუთებლად შეუწყვიტოს უფლებამოსილება ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ მერს. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები არღვევს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.
მოპასუხე მხარე განმარტავდა, რომ მერი, როგორც არჩევის წესით, ისე მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პოლიტიკური თანამდებობის პირს, ამგვარი პირები კი ექვემდებარებიან თანამდებობიდან გათავისუფლებას, მათ შორის, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათი პოზიციით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მერის თანამდებობა, მისი კონსტიტუციური კომპეტენციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოსთან დამოკიდებულების ხარისხის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად განსხვავდება წმინდად შრომითი ურთიერთობის განმახორციელებელი სახელმწიფო მოხელისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, თვითმმართველობის მერის უფლებათა დაცვის გარანტია გამომდინარეობს არა მერის ინდივიდუალური შრომითი უფლებებიდან, არამედ კონსტიტუციური ორგანოს მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტურად შესრულების საჭიროებიდან. აქედან გამომდინარე, მერის თანამდებობიდან გათავისუფლების სადავო წესი შეფასდა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად აფერხებს იგი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საკუთარი ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია მუნიციპალიტეტის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად მოიაზრებს მხოლოდ საკრებულოს, ხოლო მერის ერთადერთი კონსტიტუციური ფუნქცია წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაა და მას არ გააჩნია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის ან/და საკრებულოს ინსტიტუციური დაბალანსების/შეკავების რაიმე ბერკეტი. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებას ზიანი შეიძლება მიაყენოს არა მხოლოდ მერის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ ან კანონის დარღვევამ, არამედ მერსა და საკრებულოს შორის არსებულმა სისტემურმა შეუთანხმებლობამ, როდესაც ამას თან ახლავს საკრებულოს გადაწყვეტილებების დროული და ეფექტიანი აღსრულების შეფერხება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, საკრებულოს გადაწყვეტილებათა ეფექტურად აღსრულების კონსტიტუციური ინტერესიდან გამომდინარე, მერის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე, თავისთავად კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე იმსჯელა იმ საკანონმდებლო მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების ხშირი შეწყვეტის შედეგად თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის პარალიზების საფრთხის პრევენციას. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით, ერთი მხრივ, იზღუდება მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირების პერიოდი (მერის არჩევიდან 6 თვისა და მისი უფლებამოსილების ვადის ბოლო 1 წლის განმავლობაში), ხოლო, მეორე მხრივ, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ძალიან მაღალი კვორუმით - საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო გარანტიები მნიშვნელოვნად ამცირებს უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის თვითნებურად და ზედაპირულად გამოყენების რისკებს და უზრუნველყოფს მერის მიერ საკუთარი ფუნქციის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკრებულოს შესაძლებლობა, ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ მერს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
დავის საგანი:
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადების, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-10 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.