სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1289 კონსტიტუციური სარჩელი
2021 წლის 14 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1289 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმის თანახმად, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს არასრულწლოვანის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ არის ზოგადი შინაარსის და შეუძლებელია აკრძალულ ქმედებათა იდენტიფიცირება. ამასთანავე, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ბუნდოვანების გამო იძლევა სხვადასხვა, მათ შორის, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას. აღნიშნული კი ქმნის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეს და არღვევს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვან პირთა ინტერესების დაცვა, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი კი შესაძლოა, დააზიანოს ქმედებათა საკმაოდ ფართო სპექტრმა, რომელთა ამომწურავად ჩამოთვლაც შეუძლებელია. ამის გამო, კანონმდებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია შედარებით ზოგადი ტერმინის - „ანტისაზოგადოებრივი ქმედების“ გამოყენება, თუმცა ამ ტერმინის შინაარსი ცხადი და გასაგებია, როგორც ნორმის ტექსტობრივი აღქმიდან, ისე სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები გამოიყენება ურთიერთობათა საკმაოდ ფართო, მუდმივად ცვალებადი, დინამიური და წინასწარ არაიდენტიფიცირებადი სპექტრის დასარეგულირებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ამგვარ ნორმებში ზოგადი, ინტერპრეტირებადი ტერმინების გამოყენება ავტომატურად მის არაკონსტიტუციურობაზე არ მიუთითებს. კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ნორმის ადრესატს შეუძლია სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა, მათ შორის, იურისტებისა და სხვა სფეროს სპეციალისტების დახმარებით.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებში გამოყენებული ტერმინების განმარტების/ინტერპრეტირების პროცესში საერთო სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობას და განმარტა, რომ ამგვარ ნორმათა განჭვრეტადობის პრობლემა გამოიკვეთება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ნორმის შინაარსთან/გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს საერთო სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა; საერთო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის შედეგად ნორმის ახლადიდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გავრცელება ამ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სადავო ნორმის ზემდეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგია.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ურთიერთსაწინააღმდეგოა სადავო ნორმის განმარტების/გამოყენების კუთხით. კერძოდ, რიგ შემთხვევებში, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის დაყოლიება დანაშაულის ჩადენაზე წარმოადგენს ანტისაზოგადოებრივ ქმედებას და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო, სხვა შემთხვევებში, უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი ქცევა არ არის სადავო ნორმით დასჯადი. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა შემადგენლობა სადავო ნორმას ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსით იყენებს, შეუძლებელია ნორმის ადრესატმა, მათ შორის, კვალიფიციური იურისტის დახმარებითაც კი, წინასწარ განჭვრიტოს წარმოადგენს თუ არა არასრულწლოვანი პირის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის ხსენებული შინაარსი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ მოთხოვნებს.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.