სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება №1513 კონსტიტუციურ სარჩელზე
2023 წლის 9 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1513 კონსტიტუციური სარჩელი).
დავის საგანს წარმოადგენდა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით; ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 205-ე ჰორიზონტალური გრაფის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.
მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ გასაჩივრებულ რეგულაციას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი, რამდენადაც იგი ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, ალფა-პვპ-ს უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის.
მოპასუხემ მხარემ ნაწილობრივ გაიზიარა კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი პოზიცია და აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის შესაძლოა, წარმოადგენდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით დადგინდა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება არაადამიანური სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს. განსახილველ შემთხვევაშიც გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ რეგულაციად იქნა მიჩნეული და ძალადაკარგულად გამოცხადდა განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ხოლო ის, თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობას, უნდა დადგინდეს საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის გარემოებების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. საქმის განმხილველმა სასამართლომ (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას და აღნიშნულის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო სასამართლომ №1513 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისათვის და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 205-ე ჰორიზონტალური გრაფის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული სამართლებრივი პრობლემა და, შესაბამისად, მოსარჩელის უფლებათა შეზღუდვა არ გამომდინარეობდა ზემოხსენებული ნორმებიდან.