სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1737 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2023 წლის 27 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1737 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმა ადგენდა „საოჯახო პაემნის“ დეფინიციას და ადგენდა, რომ იგი არის ქალი მსჯავრდებულის შეხვედრა კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებთან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა მამაკაც მსჯავრდებულებსა და პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულებს ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებით, რაც ეწინააღმდეგებოდა სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. მოსარჩელე მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ დისკრიმინაციულია მიდგომა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ქალი მსჯავრდებულები სარგებლობენ საოჯახო პაემნის უფლებით, თუმცა ასეთივე უფლება არ წარმოეშობათ მსჯავრდებულ მამაკაცებს და ბრალდებულ პატიმრებს.

მოპასუხე მხარის პოზიციით, ქალ და მამაკაც მსჯავრდებულებს შორის დაწესებული დიფერენცირებული მოპყრობა გამართლებულია ქალ მსჯავრდებულთა ფაქტობრივად უთანასწორო მდგომარეობის აღმოფხვრის ლეგიტიმური მიზნით. კერძოდ, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან ფუნქციონირებს ქალთა მხოლოდ ერთი სპეციალური დაწესებულება, ქალ მსჯავრდებულებს, განსხვავებით მამაკაცი მსჯავრდებულებისგან, არ აქვთ შესაძლებლობა რისკების ყოველწლიური შეფასების გათვალისწინებით, შეიცვალონ დაწესებულების ტიპი, გადავიდნენ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ისარგებლონ პაემნების გაზრდილი რაოდენობით. სადავო ნორმა ქალ და მამაკაც მჯავრდებულებს შორის არსებული ზემოაღნიშნული განსხვავებულობის შესამცირებლად იქნა შემოღებული. ბრალდებულ პატიმრებთან მიმართებით მოპასუხემ მიუთითა, რომ ზოგადად, საპროცესო სტატუსთა განსხვავებულობა ქალი მსჯავრდებულებისა და ბრალდებული პატიმრების არსებითად თანასწორობას სადავო სამართალურთიერთობის მიზნებისთვის გამორიცხავს, თუმცა საპირისპირო დაშვების შემთხვევაშიც, გასაჩივრებული წესის საფუძველზე დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა გამართლებულია გამოძიებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ლეგიტიმური მიზნით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლების არსი, დაადასტურა ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულების, ისევე როგორც, ქალი მსჯავრდებულებისა და ბრალდებული პატიმრების არსებითად თანასწორობა ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესთან დაკავშირებით, ამავდროულად მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შეფასებას ექვემდებარებოდა ორი განსხვავებული შემთხვევა: ა) „საოჯახო პაემნით“ მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან მამაკაცი მსჯავრდებულების გამორიცხვის კონსტიტუციურობა; ბ) „საოჯახო პაემნით“ მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან ბრალდებული პირების გამორიცხვის კონსტიტუციურობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ „საოჯახო პაემნით“ მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან მამაკაცი მსჯავრდებულების გამორიცხვის კონსტიტუციურობის შეფასებისას, უწინარეს ყოვლისა, შედარებით ასპექტში გააანალიზა „საოჯახო პაემნის“ შემოღებამდე ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის დადგენილი გარესამყაროსთან/ოჯახის წევრებთან პაემნის სახით უზრუნველყოფილი კომუნიკაციის საშუალებები, ხოლო, მეორე მხრივ, - აქტუალურ დროში არსებული მოცემულობა. სასამართლომ, მოპასუხე მხარის განმარტებისა და რელევანტური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, დაადგინა, რომ სადავო ნორმის შემოღებამდე, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული მამაკაცები ჯამურად წლის განმავლობაში სარგებლობდნენ 72 ხანმოკლე პაემნით (შედარებით მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულ მამაკაცებს ჰქონდათ შესაძლებლობა სანიმუშო ქცევის შედეგად გადასულიყვნენ მსუბუქი რეჟიმის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში), ხოლო ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულები - 48 ხანმოკლე პაემნით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საოჯახო და ხანმოკლე პაემნები, ოჯახთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, არსობრივად მსგავსი საშუალებებია, ქალი მსჯავრდებულებისთვის შემოღებული „საოჯახო პაემანი“, და მისი კონკრეტული რაოდენობა წლის განმავლობაში (24 „საოჯახო პაემანი“) ნამდვილად ემსახურებოდა ქალი მსჯავრდებულებისთვის ნაკლებად კეთილმოსურნე ვითარების გამოსწორებას ოჯახური კავშირების დაცულობის თვალსაზრისით. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ, ქალი მსჯავრდებულებისთვის „საოჯახო პაემნის“ შემოღების შედეგად მიღებული საერთო საკანონმდებლო სურათის გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ ქალ მსჯავრდებულთა უთანასწორო მდგომარეობის აღმოფხვრისაკენ მიმართული ღონისძიება არ განხორციელებულა ექსცესიურად და არ გამოუწვევია მამაკაც მსჯავრდებულთა უკუდისკრიმინაცია. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

რაც შეეხება „საოჯახო პაემნით“ მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან ბრალდებულთა გამორიცხვის კონსტიტუციურობას, სასამართლოს შეფასებით, „საოჯახო პაემნის“ უფლების პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულებზე გაუვრცელებლობის ლეგიტიმურ მიზანს გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა წარმოადგენს. პატიმრობაშეფარდებული ბრალდებულის ნებისმიერი კონტაქტი რისკის ქვეშ აყენებს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებით მისაღწევ მიზნებს და აზიანებს მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ინტერესს. თავის მხრივ, სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვა ლოგიკურად უკავშირდება დიფერენცირებით მისაღწევ ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ ლოგიკურ, რაციონალურ მექანიზმს გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებისთვის დამაზიანებელი საფრთხის გასანეიტრალებლად. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდებულ პატიმრებზე „საოჯახო პაემნის“ უფლების გაუვრცელებლობა, ინტენსიურად არ ზღუდავს მათი ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, ხოლო ხანმოკლე პაემნის შესაძლებლობის პირობებში დაცულია ის მინიმალური გარანტიები, რაც ამ უფლებით არის ყოველ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აღიარებული. საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ გამოყენებული საპროცესო ღონისძიება - პატიმრობა (რაც „საოჯახო პაემნის“ უფლების შეზღუდვის საფუძველია) და მისი გამოყენების აუცილებლობა, ინდივიდუალურად ფასდება თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, ისევე როგორც შეფარდებული პატიმრობის გაგრძელების რელევანტურობა მუდმივი მონიტორინგის საგანია საერთო სასამართლოების მხრიდან. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა ითვალისწინებს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებს და ბლანკეტურად არ გამორიცხავს ბრალდებულ პატიმრებს „საოჯახო პაემნის“ უფლებით სარგებლობისგან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.