სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ლევან ალაფიშვილის კონსტიტუციური სარჩელი

2017 წლის 14 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის ლევან ალაფიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის ნომერი №638).

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაცია, კერძოდ კი, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის სასამართლოში განხილვისა და ამ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო:

1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც:

ა.ა) მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის საფუძველზე გადაწყვიტოს შუამდგომლობის განხილვაში იმ პირის მონაწილეობის საკითხი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ა.ბ) პირის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის შემთხვევაში არ ითვალისწინებს მისთვის შეტყობინების ვალდებულებას მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება შეტყობინებასთან დაკავშირებული საფრთხეები.

2. ამავე კოდექსის 2150 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს პირის, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობას, შეიტანოს საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე.

გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.