სიახლეები

12-01-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის პირველ დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №746) და ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, იმ შეთხვევაში, თუ არსებობს მოსარჩელის უფლებისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, მას შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. აღნიშნული გულისხმობს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გარკვეული საკითხების დროებით (გადაწყვეტილების მიღებამდე) მოწესრიგებას, მათ შორის მოპასუხე მხარისათვის შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ, შესაძლოა, მოპასუხე მხარეს გარკვეული ზიანი მიაყენოს. შესაბამისად, მსგავსი საფრთხეების პრევენციის მიზნით, სასამართლო უფლებამოსილია უზრუნველყოფის ღონისძიების მომთხოვნ მხარეს, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველსაყოფად, გარკვეული თანხის გარანტიის სახით წარდგენის ვალდებულება დააკისროს.

N746 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველსაყოფად, პროცესის მხარეს ეძლეოდა 7 დღიანი ვადა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ხსენებული ვადა იყო არაგონივრულად მცირე, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტია დიდი ოდენობის თანხის მობილიზებას გულისხმობს, რისთვისაც ობიექტურად საჭიროა 7 დღეზე მეტი დრო.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიიჩნია, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი თანხის შესაგროვებლად ობიექტურად საჭირო იყოს  7 დღეზე მეტი ვადა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონი უნდა იძლეოდეს  შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, გარემოებების შეფასების შედეგად მოხდეს გონივრული ვადის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მიმართებით.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.