სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2023 წლის 25  ოქტომბერს 15:00 საათზე და 26 ოქტომბერს  12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე - „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (№1705, №1736, №1755 კონსტიტუციური სარჩელი).

მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ ის ნორმები, რომელიც დაუშვებლად აცხადებს ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღებას, სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას და სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას. ასევე, სადავო ნორმა ადგენს, რომ როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.

კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, სადავო ნორმებით საპენსიო ასაკს მიღწეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეკრძალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაზღვრული სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის თანადროულად მიღება. მარჩენალდაკარგული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეკრძალება მარჩენალდაკარგულ პირთათვის დადგენილი დახმარების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაზღვრული სოციალურ პაკეტის თანადროულად მიღება და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეკრძალება საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაზღვრული სოციალური პაკეტის თანადროულად მიღება.

კონსტიტუციური სარჩელების მიხედვით, განსაზღვრულ სოციალურ დახმარებებს გააჩნიათ განსხვავებული მიზნები. სადავო ნორმები კი განსაზღვრავს არსებითად უთანასწორო პირთათვის თანაბარ მოპყრობას, რადგან განსხვავებული საჭიროებების მქონე პირებს მხოლოდ ერთი სარგებელის მიღების უფლებას უდგენს. დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობა, საპენსიო ასაკი, მშობლის ან/და მშობლების გარდაცვალება, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებისათვის აუცილებელ შესაბამის სოციალურ კატეგორიაში ყოფნა. შეზღუდული შესაძლებლობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კლასიკურ ნიშანს და არსებობს დიფერენცირების კლასიკური ნიშნის საფუძვლით მკაცრი ტესტის გამოყენების წინაპირობა.

შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შესაძლოა, წარმოადგენდეს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვა, რაც ვერ გამოდება საბიუჯეტო რესურსების არსებითად თანასწორი სუბიექტების მიმართ უთანასწოროდ გადანაწილების ლეგიტიმურ გამართლებად.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, გადალახონ ქმედუნარიანობის შეზღუდვა. სადავო ნორმები კი გაზრდილი საჭიროებების ფონზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მხოლოდ ერთი სოციალური დახმარების არჩევის უფლებას აძლევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.