სიახლეები
ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1380)
2019 წლის 26 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (კონსტიტუციური სარჩელი №1380).
განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმებით იკრძალება ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე იპოთეკის და გარკვეული კატეგორიის ნივთებთან მიმართებით, გირავნობის გამოყენება.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა, ერთი მხრივ, გაუმართლებელ დიფერენცირებას ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს მესაკუთრის უფლებას, მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ. ხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და საკუთრების უფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.